ჯონსონი: დარწმუნებული ვარ, ტრამპი იქნება მტკიცე და ძლიერი უკრაინის მხარდაჭერაში
გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
ამის შესახებ ბორის ჯონსონი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
"მიხარია, რომ დონალდ ტრამპს შევხვდი, რომელიც მკვლელობის მცდელობის შემდეგ შესანიშნავ ფორმაშია. ჩვენ განვიხილეთ უკრაინა და დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი იქნება ამ ქვეყნის (რედ. უკრაინის) ძლიერი და მტკიცე მხარდამჭერი, როგორც ზოგადად დემოკრატიის" - წერს ჯონსონი.
კონტექსტი
ბორის ჯონსონი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია და ამ ძალისხმევის პოპულარული ადვოკატი. ჯონსონის თქმით, ტრამპი გამარჯვების შემთხვევაში არ წავა რუსეთთან გაუმართლებელ დათმობებზე.
"თუ შენ რონალდ რეიგანის პარტიიდან ხარ, თუ შენ გინდა, რომ ამერიკა კვლავ დიადი გახადო, შენ არ იწყებ საპრეზიდენტო ვადას უკრაინის პუტინისთვის დათმობით" - ამბობდა ჯონსონი რამდენიმე თვის წინ.
ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის დახმარების შეწყვეტის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 15 ივლისს ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად უკრაინის დახმარების მწვავე მოწინააღმდეგე, სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა.