ჯონსონი აღწერს როგორ შეუძლია ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება
გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერი აღწერს, თუ როგორ შეუძლია დონალდ ტრამპს თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, დაასრულოს მიმდინარე ომი უკრაინისთვის მომგებიან პირობებზე.
ამის შესახებ ბორის ჯონსონი ბრიტანული ტაბლოიდის Daily mail-ისთვის დაწერილ სვეტში საუბრობს.
წერილს ჯონსონი გასულ შაბათს დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმაზე საუბრით იწყებს. ჯონსონის თქმით, დონალდ ტრამპს რეაქციამ აჩვენა მისი ნამდვილი ხასიათი - "ტრამპმა აჩვენა არამხოლოდ თეატრალური ჟესტის ოსტატობა, არამედ სიმამაცეც - რამდენიმე წამით ადრე ნასროლი შაშხანის ტყვიის მიუხედავად, ტრამპმა არ მისცა საიდუმლო სამსახურის აგენტებს საშუალება პასიურად გაეყვანათ სცენიდან, მან ვითარება მყისიერად კონტროლზე აიყვანა, უსაფრთხოების პროტოკოლის დარღვევით ტრამპი ითავისუფლებდა თავს დაცვის თანამშრომლებისგან, სანამ ფეხზე არ დადგა და არ დარწმუნდა, რომ შეკრებილები მას ხედავდნენ. ტრამპმა იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეჩვენებინა ამერიკელებისთვის, რომ ის ვერ დაამარცხა მკვლელის ტყვიამ, ვერც ფიზიკურად და ვერც ფიზიოლოგიურად."
ჯონსონის თქმით, მსოფლიოს და თეთრ სახლს ამ მომენტში ყველაზე მეტად სწორედ ასეთი დაუმარცხებელი სულისკვეთება სჭირდება.
"დღეს როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ, დონალდ ტრამპს შეუძლია ომის დასრულება უკრაინისა და დასავლეთისთვის მომგებიან პირობებზე. ხაზგასმით ვამბობ, რომ ზუსტად არ ვიცი თუ რას გააკეთებს ის გამარჯვების შემთხვევაში, მაგრამ შევეცდები ჩამოვაყალიბო თუ რისი გაკეთება შეუძლია"- წერს ჯონსონი.
გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერის თქმით, პირველ რაც ტრამპმა უნდა გააკეთოს ბრძოლის ველზე დასავლეთისა და უკრაინის ხელის გაძლიერებაა - კერძოდ კი მოუხსნას უკრაინას დასავლური შეიარაღების გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები.
ჯონსონის თქმით, აუცილებელია აღდგეს 2022 წლის 24 თებერვლის მდგომაროებით არსებული ფაქტობრივი საზღვრები, რის შემდეგაც დანარჩენი უკრაინა თავისუფალ ქვეყანად გამოცხადდება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების უფლებით და სასურველია მაქსიმალურად სწრაფად.
ტრამპისთვის მომხიბვლელ ვარიანტად ჯონსონი განიხილავს უკრაინელი სამხედროებით ევროპაში განლაგებული 70 ათასი ამერიკელის ჩანაცვლებას, რაც მისი თქმით, აშშ-ს თანხებს დაუზოგავდა და ევროპელ ქვეყნებს უბიძგებდა უფრო სწრაფად იმოქმედონ საკუთარი უსაფრთხოების გასამყარებლად.
ასეთ პირობებში ჯონსონის თქმით, ვლადიმირ პუტინი შეძლებს რუსეთის მოსახლეობას გამარჯვების მითი მიჰყიდოს და თქვას, რომ უკრაინის "დენაციფიკაციის" მიზანი მიღწეულია, გარდა ამისა პუტინის წინაშე დათმობად ჯონსონი განიხილავს უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიებს.
"მაგრამ არსებობს ამის მიღწევის მხოლოდ ერთი გზა, ძალის გამოყენებით. დონალდ ტრამპის მეთაურობით ვაშინგტონმა უნდა აჩვენოს, რომ საზღვრების ძალით ცვლილება დაუშვებელია და საბჭოთა იმპერია აღდგენას არ ექვემდებარება"- წერს ჯონსონი.
ტრამპის პრინციპულობის არგუმენტად ჯონსონს 2017 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის ანტი-სატანკო შეიარაღების გადაცემას ასახელებს, რაზეც უარს ამბობდა მისი წინამორბედი ობამას ადამინისტრაცია.
"ტრამპს უკვე აქვს მტკიცე ჩარევის გამოცდილება უკრაინის დემოკრატიის დაცვის საქმეში"- წერს ჯონსონი.
გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერის თქმით, დონალდ ტრამპს ესმის არსებული საფრთხეები, რომ უკრაინის დამარცხება ავტომატურად ამერიკისა და დასავლეთის მარცხიც იქნება და ეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ამოაყირავებს.
" უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში პუტინი თავს დაესხმება არამხოლოდ საქართველოს, არამედ ე.წ. მთელ ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებს"- წერს ჯონსონი.
კონტექსტი
16 ივლისს დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ პოსტში ჯონსონი წერდა: დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი იქნება ამ ქვეყნის ძლიერი და მტკიცე მხარდამჭერი, როგორც ზოგადად დემოკრატიის."
უკვე 19 ივლისს დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 2021 წლის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი შედგა.
შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი ამბობდა, რომ ზელენსკის მას მიულოცა გადარჩენა და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის ოფიციალურად მიღება. ამავე პოსტში ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ცნობილი თეზისი, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში 24 საათში დაასრულებს მიმდინარე ომს.
მიმდინარე კვირას ბრიტანეთში მყოფმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-ისთან საუბარში განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება ომის სწრაფად დასრულების რეალისტურობაში, თუმცა აღნიშნა, რომ არ ეშინია დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ს მხარდაჭერის დაკარგვის.
ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის დახმარების შეწყვეტის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 15 ივლისს ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად უკრაინის დახმარების მწვავე მოწინააღმდეგე, სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა.