შოტლანდიის პირველი მინისტრი ჰუმზა იუსაფი იქნება
შოტლანდიის ეროვნული პარტიის (SNP) ახალი ლიდერის არჩევნებში შოტლანდიის ჯანდაცვის მინისტრმა, ჰუმზა იუსაფმა გაიმარჯვა.
არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც შოტლანდიის ამჟამინდელმა პირველმა მინისტრმა და პარტიის ყოფილმა ლიდერმა, ნიკოლა სტარჯენმა განაცხადა, რომ ორივე თანამდებობას ტოვებდა.
ახალმა ლიდერმა არჩევნების მეორე ტურში მცირე სხვაობით დაამარცხა შოტლანდიის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, კეიტ ფორბსი.
ხვალ, 28 მარტს კი შოტლანდიის პარლამენტი იუსაფს შოტლანდიის პირველ მინისტრად, ანუ მთავრობის ხელმძღვანელად აირჩევს.
ჰუმზა იუსაფი ამ თანამდებობაზე პირველი მუსლიმი და პაკისტანური წარმოშობის პოლიტიკოსია. 1985 წელს გლაზგოში დაბადებული იუსაფის მამა პაკისტანიდან შოტლანდიაში 1960-იან წლებში ჩავიდა, დედამისი კი კენიაშია დაბადებული.