შროდერს რუსეთთან კავშირის გამო ყველა პრივილეგია ჩამოერთმევა
გერმანიის მმართველმა კოალიციამ გადაწყვიტა გერჰარდ შროდერს ექს-კანცლერის პრივილეგიები, რუსეთთან კავშირის გამო, ჩამოართვას. ამის შესახებ Spiegel იუწყება.
კერძოდ, შროდერის ოფისის თანამშრომლებს, რომელთა შენახვაც წელიწადში დაახლოებით 400 000 ევრო ჯდება, მოეთხოვებათ მიმდინარე მოვალეობების შესრულება და "სხვა საქმეების" გაკეთება ოფისის გარეთ. ზოგიერთმა თანამშრომელმა უკვე ნებაყოფლობით დატოვა თანამდებობა პოლიტიკოსის რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის პროტესტის ნიშნად.
მიუხედავად შეზღუდვებისა, შროდერს უფლება ექნება დატოვოს დაცვა და შეინარჩუნოს სახელმწიფო პენსია.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი ყოფილი კანცლერის უარია, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის ფონზე, რუსულ კომპანიებში თანამდებობები დატოვოს.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, იმისათვის, რომ ეს ნაბიჯი არ გამოიყურებოდეს "პოლიტიკური თვითნებობის აქტად", კოალიციის პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ სხვა ყოფილმა ფედერალურმა კანცლერებმა, როგორიცაა ანგელა მერკელი, შეიძლება ასევე დაკარგონ პრივილეგიები.
შროდერი გერმანიის მთავრობის მეთაური 1998-2005 წლებში იყო. ის გერმანიის კანცლერობის დროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მეგობრობდა.
2006 წელს შროდერი თავმჯდომარეობდა Nord Stream AG-ის აქციონერთა კომიტეტს, რომელიც მართავს რუსულ გაზსადენ Nord Stream-ს.
2016 წლიდან ყოფილი კანცლერი კომპანია Nord Stream 2-ს (ამავე სახელწოდების გაზსადენის მშენებლობის ოპერატორი) ხელმძღვანელობს. 2017 წლის სექტემბერში კი შროდერი როსნეფტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 2021 წლის ივნისში ის ხელახლა აირჩიეს ამ თანამდებობაზე.