შვედეთი უკრაინელი ჯარისკაცების გასაწვრთნელად ბრიტანეთში 120 ინსტრუქტორს გაგზავნის

შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა ინსტრუქტორები გაგზავნოს დიდ ბრიტანეთში უკრაინელი მებრძოლებისთვის საბაზისო სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად. ამის შესახებ 7 აგვისტოს შვედეთის მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა.

"უკრაინის მოქალაქეებისთვის საბაზისო სამხედრო სწავლების შეთავაზების ინიციატივა მოდის დიდი ბრიტანეთისგან, რომელმაც მოიწვია გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) სხვა ქვეყნები, ისევე როგორც კანადა. მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შვედეთი ხელს შეუწყობს უკრაინელების წვრთნას", - ნათქვამია განცხადებაში.

შვედეთის შეიარაღებული ძალები 2022 წლის 12 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე დიდ ბრიტანეთში 120-მდე ინსტრუქტორს გაგზავნის, რათა უკრაინის მოქალაქეებს საბაზისო სამხედრო მომზადება ჩაუტარონ.  

"სწავლების შვედური ნაწილი რაც შეიძლება მალე დაიწყება", - დასძინა მთავრობამ.

თავდაცვის მინისტრმა პიტერ ჰულტკვისტმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიომ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში.

"მნიშვნელოვანია, რომ შვედეთმა მონაწილეობა მიიღოს ამ სამუშაოში და შვედი ინსტრუქტორები დაეხმარებიან უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას", - განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები