შვედეთის მთავრობა მინიმუმ 10 ბირთვული რეაქტორის აშენებას გეგმავს
შვედეთის მთავრობამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ 2045 წლისთვის სულ მცირე ათი ჩვეულებრივი ბირთვული რეაქტორი ან უფრო მეტი მცირე, მოდულური ეკვივალენტი უნდა აშენდეს. ექსპერტები თვლიან, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მომდევნო 20 წლის განმავლობაში გაორმაგდება.
"მომავალ წლებში ბირთვული ენერგიის ახალი წყარო უნდა შეიქმნას, რომელიც მინიმუმ ათი ჩვეულებრივი რეაქტორის ექვივალენტურია," - თქვა შვედეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრმა რომინა პურმოხტარმა.
ოთხშაბათს, პოლიტიკოსმა შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ორგანოს ექსპერტებისგან მოხსენება მიიღო, სადაც აღწერილია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ბირთვულ ენერგიაში ახალ ინვესტიციებს გაამარტივებს.
ამჟამად, გარემოს დაცვის კოდექსში ნათქვამია, რომ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს მაქსიმუმ 10 ბირთვული რეაქტორი და ახალი რეაქტორები არ შეიძლება არსებული ადგილების გარდა სხვაგან აშენდეს.
"ჩვენ გვინდა ამ შეზღუდვების მოხსნა," – აღნიშნა ფურმოხტარმა.
გარდა ამისა, მოსალოდნელია ახალი რეგულაციების შემოღება, რომლებიც მცირე მოდულური რეაქტორების მშენებლობას დაუშვებს.
"ჩვენ უნდა გადავხედოთ შვედეთის რეგულაციებს, რათა გამოვიყენოთ ტექნოლოგიური მიღწევები, რომლებსაც სხვა ქვეყნებში მიაღწიეს," - თქვა მან.
შვედეთის პარლამენტი აპირებს ეს ცვლილებები შემოდგომაზე განიხილოს.
პურმოხტარმა, რომელიც შვედეთის მემარჯვენე მთავრობაში ლიბერალებს წარმოადგენს, წინა სოციალ-დემოკრატიული მთავრობა უყურადღებობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ, მწვანეების გავლენით, არა მხოლოდ ვერ შეძლო ბირთვული ენერგიის განვითარება, არამედ ოთხი რეაქტორის ნაადრევად გათიშვა გადაწყვიტა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში მრეწველობისა და ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის შედეგად, შვედეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაორმაგდება. ამჟამად, მაღალი მოთხოვნის პერიოდში, განსაკუთრებით ზამთარში, შვედეთი იძულებულია ელექტროენერგია პოლონეთიდან იყიდოს, მათ შორის წყალქვეშა კაბელების საშუალებით.
ამჟამად, შვედეთს ექვსი მოქმედი ბირთვული რეაქტორი აქვს, რომლებიც ელექტროენერგიის 30%-ს გამოიმუშავებენ.