შვედეთის მთავრობა სტოკჰოლმში ყურანის დაწვას გმობს

კვირას შვედეთის მთავრობამ სტოკჰოლმის მთავარი მეჩეთის წინ ყურანის დაწვა დაგმო და მას "ისლამოფობიური" აქტი უწოდა.

ამის შესახებ Agence France-Presse წერს.

"შვედეთის მთავრობას სრულად ესმის, რომ ისლამოფობიური ქმედებები, რომლებიც ჩადენილია ინდივიდების მიერ, შეიძლება შეურაცხმყოფელი იყოს მუსლიმებისთვის," - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. "ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ ქმედებებს, რომლებიც არანაირად არ ასახავს შვედეთის მთავრობის შეხედულებებს."

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საუდის არაბეთში დაფუძნებულმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OIC) მის 57 წევრ ქვეყანას მოუწოდა ყურანის შეურაცხყოფაზე იმოქმედონ.

OIC-მ წევრ ქვეყნებს მოუწოდა ერთიანი და კოლექტიური ზომები მიიღონ, რათა თავიდან აიცილონ ყურანის შეურაცხყოფის ინციდენტების განმეორება.

"ყურანის ან ნებისმიერი სხვა წმინდა ტექსტის დაწვა არის შეურაცხმყოფელი და ზიზღის აქტი და აშკარა პროვოკაცია. რასიზმის, ქსენოფობიის და მასთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის გამოვლინებების ადგილი არ არის არც შვედეთში და არც ევროპაში," - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ამავდროულად, სამინისტრომ დაამატა, რომ შვედეთს აქვს "კონსტიტუციით დაცული შეკრების, გამოხატვისა და დემონსტრაციის თავისუფლების უფლება."

ერაყმა, ქუვეითმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და მაროკომ ყურანის დაწვის ინციდენტის გასაპროტესტებლად შვედეთის ელჩები დაიბარეს.

ირანი კი შვედეთში ახალი ელჩის გაგზავნისგან თავს შეიკავებს.

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში შვედეთის საელჩოში ხუთშაბათს ასობით ადამიანი შეიჭრა, რომლებიც ყურანის დაწვის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.

მსგავსი სიახლეები