შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის ქრონოლოგია
რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ფინეთმა და შვედეთმა სამხედრო ნეიტრალიტეტზე უარი განაცხადეს და ნატო-ში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს:
24 თებერვალი, 2022 წელი - რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა და მის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შვედეთსა და ფინეთში ნატო-ს წევრობის სურვილი დღითიდღე იზრდება, თუმცა შვედეთის პრემიერ-მინისტრი, მაგდალენა ანდერსონი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას გამორიცხავს, რადგან მისი აზრით, ეს რეგიონში დაძაბულობის ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის;
15 მაისი, 2022 წელი - მაგდალენა ანდერსონის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ნატო-ში გაწევრიანდებოდნენ;
18 მაისი, 2022 წელი - შვედეთისა და ფინეთის მთავრობებმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განცხადებები გადასცეს;
28 ივნისი, 2022 წელი - ნატო-ს სამიტზე შვედეთმა, ფინეთმა და თურქეთმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლითაც სკანდინავიის ორმა სახელმწიფომ თურქეთსა და სირიაში ქურთი ბოევიკების წინააღმდეგ ანკარას მხარდაჭერის პირობა დადო.
იქამდე თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფინეთსა და შვედეთს თურქეთის მიერ ტერორისტებად გამოცხადებული ეთნიკური ქურთების მფარველობაში ადანაშაულებდა;
5 ივლისი, 2022 წელი - კანადა, ისლანდია, ნორვეგია და დანია ნატო-ს პირველი ოთხი სახელმწიფო გახდა, რომლებმაც შვედეთისა და ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება დაამტკიცეს. სექტემბრის ბოლოსთვის, სკანდინავიის ორი ქვეყნის გაწევრიანების გადაწყვეტილება, თურქეთისა და უნგრეთის გარდა, ნატო-ს აბსოლუტურად ყველა წევრს ჰქონდა დამტკიცებული;
18 ოქტომბერი, 2022 წელი - საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შედეგად, შვედეთის ხელისუფლების სათავეში მემარჯვენე ცენტრისტული კოალიციური მთავრობა მოვიდა. ახალი პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი პირობას დებს, რომ ნატო-ს წევრობის მხარდაჭერას გააგრძელებს;
22 მარტი, 2023 წელი - შვედმა კანონმდებლებმა ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება ოფიციალურად დაამტკიცეს;
4 აპრილი, 2023 წელი - თურქეთისა და უნგრეთის მხარდაჭერის მიღების შედეგად, ფინეთი ნატო-ს 31-ე წევრი ხდება. შვედეთის მხარდაჭერას ანკარა და ბუდაპეშტი კვლავ აღიანურებენ;
10 ივლისი, 2023 წელი - ლიეტუვაში ნატო-ს სამიტზე ალიანსის ლიდერები აცხადებენ, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლს დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის;
11 სექტემბერი, 2023 წელი - ულფ კრისტერსონის მთავრობა აცხადებს, რომ თავდაცვის ბიუჯეტის 28%-ით გაზრდა სურს;
25 სექტემბერი, 2023 წელი - უნგრეთის პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნაზე ვიქტორ ორბანი ხაზს უსვამს, რომ მისი ქვეყანა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განხილვის დაწყებას არ ჩქარობს, რადგან შვედეთის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება;
23 ოქტომბერი, 2023 წელი -რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების დოკუმენტი რატიფიკაციისთვის პარლამენტს წარუდგინა;
26 დეკემბერი, 2023 წელი - თურქეთის საპარლამენტო კომიტეტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება დაამტკიცა;
23 იანვარი, 2024 წელი - თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა;
5 თებერვალი, 2024 წელი - უნგრეთის მმართველი პარტიის, „ფიდესის“ წევრები საპარლამენტო სესიას, რომელზეც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლი უნდა დაემტკიცებინათ, ბოიკოტს უცხადებენ;
18 თებერვალი, 2024 წელი - ამერიკელი სენატორების ორპარტიული დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტს მართავს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში და მთავრობას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს;
26 თებერვალი, 2024 წელი - უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადებას მხარი დაუჭირა.