შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიას აფართოებს
21 დეკემბერს, შვეიცარიის ეკონომიკის, განათლებისა და კვლევის ფედერალურმა დეპარტამენტმა (DEFR) განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია ფართოვდება.
"შვეიცარია უერთდება ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დამტკიცებულ ახალ სანქციებს, ირანული დრონების მიწოდებასთან და უკრაინის მიმდინარე ოკუპაციასთან დაკავშირებით. შვეიცარია მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ მიღებულ ზომებს", - ნათქვამია განცხადებაში.
DEFR-მა გაიხსენა, რომ "უკრაინაში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, სამოქალაქო მოსახლეობაზე, ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების გამო, ასევე დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიის გათვალისწინებით, 16 დეკემბრით დათარიღებული სანქციების მეცხრე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა დამატებით 141 ახალი ფიზიკური პირი და 49 ორგანიზაცია და კომპანია შეიტანა სანქციების სიაში".
"ესენი არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ქმედებები, რომლებიც ძირს უთხრიან ან საფრთხეს უქმნიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას - დუმის დეპუტატები, მინისტრები, პროპაგანდისტები და მათი არხები, სამხედროები და რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები", - აცხადებს შვეიცარიის ხელისუფლება.