შვეიცარიამ შესაძლოა ნეიტრალიტეტის ფორმატი შეცვალოს

უკრაინის ომმა შესაძლოა შვეიცარია აიძულოს შეცვალოს ნეიტრალიტეტის ფორმატი. ამის შესახებ Bloomberg 2 თებერვალს წერს.

ქვეყნის პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომელიც გერმანიას, ესპანეთს და დანიას შვეიცარიაში წარმოებული შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემის საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, კანონპროექტი ქვეყნის ხელისუფლებას უფლებას მისცემს პოლონეთს, სლოვაკეთსა და ჩეხეთს შვეიცარიის არმიის განკარგულებაში არსებული Leopard-ის ტანკები სიმბოლურ ფასად მიჰყიდოს, რასაც შემდგომში უკრაინას გადასცემენ.

Bloomberg-თან საუბრისას კანონის ინიციატორმა, "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა მაია რინიკერმა განაცხადა: "ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ შვეიცარიის ნეიტრალიტეტზე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა შესაძლებლობები გვაქვს მხარი დავუჭიროთ ქვეყნებს, რომლებიც, როგორც შვეიცარია, მხარს უჭერენ იმავე დემოკრატიულ ღირებულებებს."

სააგენტო წერს, რომ ერთი წლის წინ, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამდე, შვეიცარიაში ასეთი დისკუსიები წარმოუდგენელი იქნებოდა.

შვეიცარიას არც პირველ და არც მეორე მსოფლიო ომში იარაღი არცერთი მხარისთვის არ გადაუცია.

შვეიცარიის არმია 96 Leopard-ის ტანკს ფლობს, მაგრამ ისინი არ გამოიყენება და უკვე ათი წელია საცავშია, მათი ექსპლუატაციიდან გამოყვანის გეგმის მიხედვით. ტანკების გაყიდვის შესახებ შვეიცარიის პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

შვეიცარიის თავდაცვის სამინისტრომ Bloomberg-ს განუცხადა, რომ ჯერჯერობით არც ევროპულ ქვეყნებს და არც სამხედრო ტექნიკის მწარმოებელს, გერმანულ კონცერნ Rheinmetall-ს, ტანკების შესყიდვის მოთხოვნა არ გაუგზავნიათ.

მაია რინიკერი ექსპლუატაციიდან გამოსული ტანკების აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის სიმბოლურ ფასად, 1 შვეიცარიულ ფრანკად მიყიდვის ინიციატივით გამოვიდა. თუმცა, მისი თქმით, გასულ კვირას პარლამენტში განხილვისას ეს იდეა უარყვეს.

ევროკავშირის ქვეყნებისთვის იარაღის მიყიდვის წინადადებას, გარდა თავისუფალი დემოკრატებისა, მხარს უჭერენ ცენტრისტული, მწვანე, ლიბერალური და მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიები, რომლებიც მიზანშეწონილად მიიჩნევენ ამ ტანკების საბაზრო ფასად გაყიდვას.

საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევების თანახმად, ქვეყნის მაცხოვრებლების 55% მომხრეა, რომ შვეიცარიამ სხვა ქვეყნებს შვეიცარიული წარმოების იარაღი და საბრძოლო მასალა გადასცეს, რომელსაც შემდგომში უკრაინა მიიღებს. წინააღმდეგი შვეიცარიელთა 40%-ია.

მსგავსი სიახლეები