ზედიზედ რამდენიმე დღეა შვეიცარიას პრორუსი ჰაკერები თავს ესხმიან

შვეიცარიის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა, რომ სამთავრობო ვებსაიტებზე და ონლაინ პორტალებზე კიბერშეტევების უკიდურესად მაღალი ინტენსივობაა, რომლის უკანაც პრორუსული ჯგუფი NoName დგას.

ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

შვეიცარიის სამთავრობო საიტებზე, განსაკუთრებით პარლამენტისა და ფედერალური მთავრობის ვებსაიტებზე, ბოლო დღეებში შეტევა მოხდა, რომლის დროსაც სხვადასხვა ტერიტორიიდან ხელოვნურად წარმოქმნილი მოთხოვნების ტალღით სერვერები გადატვირთულია.

პრორუსულმა ჯგუფმა NoName-მა განაცხადა, რომ შვეიცარიის პარლამენტის ვებგვერდზე კიბერშეტევა მან განახორციელა, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების უახლეს პაკეტზე შეერთების საპასუხოდ.

სამშაბათს, ჰაკერები თავს დაესხნენ სხვა ვებგვერდებს, მათ შორის, ჟენევის აეროპორტის საიტს, რომელიც არის დიპლომატებისა და ოფიციალური პირების მიღების ცენტრი, რომლებიც გაეროს შტაბ-ბინაში მიდიან.

თავდასხმა ემთხვევა შვეიცარიის პარლამენტის მზადებას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მიმართვისთვის, რომელიც ხუთშაბათს არის დაგეგმილი.

"საპარლამენტო სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხუთშაბათის პირდაპირი ტრანსლაცია შეუფერხებლად წარიმართოს," - ნათქვამია შვეიცარიის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები