სიბიჰა: ზოგი ქვეყნის კრემლისთვის რუსეთის დღის მილოცვა განსაკუთრებით უსიამოვნოა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირიბად გააკრიტიკა ქვეყნები, რომლებმაც კრემლს და რუს ხალხს რუსეთის დღე მიულოცეს - სიბიჰას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყნებს გულისხმობდა, თუმცა სავარაუდოა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს გულისხმობდა. 

State Of Play: ამის შესახებ ანდრეი სიბიჰამ რომში, ვეიმარ +-ის ფორუმის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა - რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა მარკო რუბიოს მილოცვა რუსი ხალხისადმი. 

  • "ჩემთვის როგორც ომში მყოფი ქვეყნის მინისტრისთვის განსაკუთრებით უსიამოვნო იყო დილით აგრესორისთვის საჯაროდ გავრცელებული მილოცვები"- თქვა სიბიჰამ. 

  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მას აქვს უკმაყოფილების ხმამაღლა გაჟღერების მორალური უფლება და დასძინა, რომ აგრესორის დაჯილდოვება დაუშვებელია. 

Big Picture: "ვაშინგტონი რუსი ხალხის ერთგულია, რომელიც ნათელი მომავლისკენ ისწრაფვის"- ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

  • შეერთებული შტატების გარდა მილოცვები გაავრცელეს სერბეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და ჩრდილოეთ კორეის მთავრობებმა. 

Context: გასულ თვეებში ამერიკის უმაღლესი წარმომადგენლებისა და სახელმწიფო უწყებების რიტორიკა და განცხადებების ტონი რუსეთის მიმართ საგრძნობლად შეიცვალა - ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები უარს ამბობენ რუსეთს აგრესორი უწოდონ. 

  • მათი თქმით, ეს "კონტრპროდუქტიული" იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ომის დასრულებას ცდილობს და რუსეთთან დიპლომატიურ პროცესშია ჩართული.

 

მსგავსი სიახლეები