სიიარტო: შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება ახლა ტექნიკური საკითხია

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას.  

მისი თქმით, ალიანსში გაწევრიანების შესახებ სტოკჰოლმის განაცხადის რატიფიცირების ხანგრძლივი პროცესის დასრულება წმინდა "ტექნიკურ საკითხად" რჩება.

Bloomberg აღნიშნავს, რომ სიიარტომ გასულ კვირას განაცხადა, რომ უნგრეთი ალიანსში გაწევრიანების შესახებ შვედეთის წინადადებას მხარს დაუჭერს, როგორც კი "თურქეთი, რომელიც მეორე მხარეა, მიანიშნებს, რომ ის ასევე მზად არის ამისათვის."

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 10 ივლისს განაცხადა, რომ თურქეთი დათანხმდა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირებას.

უნგრეთის პრეზიდენტი კატალინა ნოვაკი Twitter-ზე მიესალმა ერდოღანის გადაწყვეტილებას.

"ნატოს სამიტის წინა დღეს, მე ვთხოვე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, გააკეთოს ყველაფერი, რათა უზრუნველყოს, რომ უნგრეთის პარლამენტმაც შეიტანოს თავისი წვლილი თავდაცვითი ალიანსის რაც შეიძლება მალე გაფართოებაში," - დაწერა მან.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა 10 ივლისს განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც თურქეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანების შესახებ შვედეთის განაცხადის რატიფიცირება მოახდინა, უნგრელი დეპუტატები არ გააჭიანურებენ პროცესს.

მსგავსი სიახლეები