სიკორსკი: თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ბირთვული ქობინები უკრაინასაც უნდა გადავცეთ
დასავლეთს უფლება აქვს უკრაინას ბირთვული ქობინები გადასცეს, თუ რუსეთის ფედერაცია უკრაინაზე ბირთვულ დარტყმას განახორციელებს. ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა და პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ "Общественный-სთან" ინტერვიუში განაცხადა.
"რუსეთი თავისი ბირთვული არსენალით მთელ მსოფლიოს ემუქრება, კერძოდ, ნატოსა და უკრაინას. ზოგჯერ მგონია, რომ ბირთვული იარაღი რუსეთის ფედერაციისთვის ერთგვარ კერპად იქცა, მისი ძალაუფლებისა და საერთაშორისო წესების დაუსჯელად დარღვევის უნარის სიმბოლოდ. ზოგჯერ საჭიროა რუსეთის ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ ნატოც ბირთვული ალიანსია", - განაცხადა მან.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციამ უღალატა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ყველა იმ ქვეყანას, რომლებმაც ხელი მოაწერეს ბუდაპეშტის მემორანდუმს, რომლითაც გარანტირებული იყო სსრკ-ს დაშლის შემდეგ დადგენილ საზღვრებში უკრაინის ტერიტორიის ხელშეუხებლობა. მემორანდუმის სხვა მონაწილეები ახლა უნდა დაეხმარონ უკრაინას დამოუკიდებლობის დაცვაში, აღნიშნა სიკორსკიმ.
კითხვაზე, მზად არის თუ არა დასავლეთი უკრაინას დაუბრუნოს ბირთვული იარაღი, დიპლომატმა უპასუხა, რომ ეს შეიძლება იყოს მხოლოდ საპასუხო ღონისძიება.
"ახლა არა, მაგრამ თუ რუსეთი ატომურ იარაღს გამოიყენებს არაბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელმაც უარი თქვა ბირთვულ იარაღზე, მე ვფიქრობ, რომ მთელი მსოფლიო იმდენად შოკირებული იქნება, რომ ჩვენ ვიფიქრებთ, როგორ ვუპასუხოთ ამას. ვფიქრობ, სასარგებლოა რუსეთის ხელმძღვანელობამ იცოდეს, რომ ჩვენც გვაქვს ვარიანტები", - განაცხადა მან.
ევროპარლამენტარი თვლის, რომ პუტინმა ბირთვული იარაღი ომის წაგების შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს, ის "საკმარისად გიჟია" ამისთვის.