სიკორსკი: უკრაინაში დასავლური ჯარები წარმოუდგენელი არ არის
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის იდეას უკრაინაში დასავლური ჯარების შეყვანის შესახებ სასარგებლოდ მიიჩნევს რუსეთზე ზემოქმედებისთვის.
ამის შესახებ მან 8 მარტს, პოლონეთის სეიმში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც პოლონეთის ნატოში გაწევრიანების 25 წლის იუბილეს მიეძღვნა.
მაკრონის სიტყვების კომენტირებისას სიკორსკიმ გაიხსენა, რომ მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობს ისტორიაში, კერძოდ, 1950-1953 წლების კორეის ომის დროს, როდესაც სახელმწიფოთა კოალიცია გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყნის დასახმარებლად ჩავიდა.
"გახსოვდეთ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე შეჭრისთანავე, 190 ქვეყნიდან 140-ზე მეტმა დაგმო აგრესია, როგორც მიუღებელი. ეს არ არის მხოლოდ განცხადება პრესისთვის, ეს არის სამართლებრივი ბაზის შექმნა," - განაცხადა სიკორსკიმ.
ამის გათვალისწინებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ "გაეროს წევრი ქვეყნების კოალიცია აგრესიის შესაჩერებლად წარმოუდგენელი არ არის."
"ამიტომ ვაფასებ საფრანგეთის ბოლო ინიციატივას, რადგან, ჩემი აზრით, მას აქვს კარგი განზრახვა, კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ჰკითხოს საკუთარ თავს, რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი და დარწმუნებული არ იყოს, რომ ჩვენ არაფერ კრეატიულს არ გავაკეთებთ და შესაბამისად, შეეძლოს თავისი სცენარების დაგეგმვა," - ხაზგასმით აღნიშნა სიკორსკიმ.
მისი აზრით, დასავლეთს უნდა ჰქონდეს "შემოქმედებითად განსაზღვრული და ასიმეტრიული ესკალაციის უნარი."
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა "არ უნდა გამოირიცხოს."
ამავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა მოკავშირე ქვეყნების მთავრობებში, რომელთა ლიდერებიც აცხადებენ, რომ ისინი არ გაგზავნიან ჯარს უკრაინაში.
მოსკოვი მკაცრად გამოეხმაურა მაკრონის განცხადებებს და გააფრთხილა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტს რუსეთსა და ნატოს შორის.