სირსკი: საფრანგეთი უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორებს გამოგზავნის
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის ცნობით, უკვე ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას, რომელიც ფრანგ ინსტრუქტორებს უკრაინის სამხედრო სასწევლებელ ცენტრებში ყოფნის უფლებას მისცემს.
ამის შესახებ სირსკის ოფიციალურ ტელეგრამ არხზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"მივესალმები საფრანგეთის ინიციატივას, გამოგზავნოს სამხედრო ინსტრუქტორები უკრაინაში ჩვენი დანაყოფების გასაწვრთნელა. უკვე მოვაწერე ხელი შესაბამის დოკუმენტებს, რომელიც ფრანგ ინსტრუქტორებს აძლევს უფლებას მოინახულონ ჩვენი სასწავლო ცენტრები",- ნათქვამია განცხადებაში.
ЗСУ-ს მთავარსადლის თქმით, იმედი აქვს, რომ საფრანგეთის გადაწყვეტილება წაახალისებს სხვა მოკავშირეებს შეურთდნენ ძალისხმევას.
კონტექსტი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დასავლური ქვეყნის პირველი ლიდერია, რომელმაც უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა.
ამის შესახებ მაკრონმა თებერვლის მიწურულს პარიზში სხვა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "დღეს სახმელეთო ჯარების გაგზავნის საკითხზე კონსენსუსი არ გვაქვს, მაგრამ ამის გამორიცხვა არ შეიძლება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერ შესაძლებელს, რომ რუსეთმა ამ ომში ვერ გაიმარჯვოს, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის დამარცხება აუცილებელია სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ევროპაში",- ამბობდა მაკრონი.
მარტის დასაწყისში ოპოზიციურ პარტიებთან გამართულ შეხვედრაზე მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების საქმეში საფრანგეთს წითელი ხაზები არ აქვს.
შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილის ცნობით, მაკრონი რუკის ფონზე საუბრობდა რუსეთის არმიის წინსვლის შესაძლო სცენარებზე, ოდესისა და კიევის მიმართულებით. დეპატუტის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტი ირწმუნებოდა, რომ ამ სცენარში საფრანგეთი იძულებული იქნებოდა ჩარეულიყო, ვინაიდან არაფრის ფასად არ დაეშვა უკრაინის დამარცხება.
აპრილში Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ თებერვალში გამართულ კონფედენციალურ შეხვედრაზე მაკრონი ცდილობდა ოლაფ შოლცისა და ჯო ბაიდენის დარწმუნებას რუსეთის მიმართ უფრო ხისტი პოზიციის დაკავების აუცილებლობაში.
წყაროს ცნობით, მაკრონი მიიჩნევს, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით სტრატეგიული ორაზროვნების პოზიცია უნდა დაიკავონ, რომელიც მაგიდაზე რუსეთის საპასუხო ქმედებების ფართე სპექტრს დატოვებდა, მათ შორის სამხედროსაც.