სირსკის განცხადებით, კურსკში უკრაინულ პოზიციებს ათეულ ათასობით რუსი სამხედრო უტევს
11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალი სირკის განცხადებით, რუსეთის არმია კურკის ოლქში უკრაინულ პოზიციებს საუკეთესო დამრტყმელი ჯგუფებისგან შემდგარი ათეულ ათასობით ჯარისკაცით უტევს.
"რომ არა ჩვენი მეომრების სიმტკიცე, ეს ათეულ ათასობით მტერი რუსეთის საუკეთესო დამრტყმელი ნაწილებიდან იერიშს მიიტანდა ჩვენს პოზიციებზე პოკროვსკის, კურახივის და ტორეცკის მიმართულებებზე, რაც მნიშვნელოვნად გააუარესებდა ჩვენს ვითარებას ფრონტზე".
მთავარსარდლის განცხადებით, რუსები მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში შეჭრას და უკრაინული დანაყოფების განდევნას ცდილობენ.
"ამ მიმართულებაზე ჩვენი ამოცანაა - შევაკავოთ და გავანადგუროთ მტერი მათსავე მიწაზე" - წერს გენერალი სირსკი საკუთარ Telegram არხზე.
6 ნოემბერს, რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრიდან 3 თვის თავზე, სირსკიმ სახმელეთო ოპერაციის შეჯამება გააკეთა და განაცხადა, რომ ამ ხნის განმავლობაში რუსეთის დანაკარგებმა პირად შემადგენლობაში 20842 ჯარისკაცი შეადგინა (ლიკვიდირებული - 7905; დაჭრილი 12220; დატყვევებული - 717), ხოლო განადგურდა 1101 სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება.
გენერალი სირკის განცხადებით, რუსეთმა კურსკის ოლქში დაახლოებით 45 ათას სამხედროს მოუყარა თავი. ამასთანავე, სხვადასხვა ინფორმაციით, რუსეთმა კურსკის ოლქში გადაისროლა 10-12 ათასამდე ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო.