სის მიწვევის მიუხედავად ევროპელი ლიდერები 'სარტყლის' ფორუმს არ დაესწრებიან

სი ძინფინგის მიერ ევროპული სახელმწიფოების ლიდერებისთვის გაგზავნილი მიწვევის მიუხედავად, ევროპელი ლიდერები არ აპირებენ ჩინეთის ეკონომიკურ ფორუმზე დასწრებას. 

საუბარია ჩინეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე, რომელიც "ერთი გზა, ერთი სარტყელის" ინიციატივას მიეძღვნება. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს. 

მიმდინარე წლის ოქტომბერში გასამართ ფორუმზე დასწრებას არ გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი. ამის შესახებ გაზეთს საფრანგეთის და გერმანიის ლიდერების კანცელარიაში განუცხადეს. ფორუმზე არ გაემგზავრება ჩეხეთის პრემიერ-მინისტრიც. 

ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია შვეიცარიის პრეზიდენტს, რომელიც ესწრებოდა უკანასკნელ 2 სამიტს. ფორუმს არ დაესწრება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრიც, მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ ინიციატივას ქვეყანა 2018 წელს შეუერთდა. 

ჩინეთში ჩასვლაზე უარი განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმაც. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ იტალია დიდი შვიდეულის ერთადერთი წევრია, რომელიც თავის დროზე ჩინურ ინიციატივას შეუერთდა. 

გაზეთის ცნობით ევროპელი ლიდერების უარი ჩინეთსა და ევროგაერთიანებას შორის მზარდ დაძაბულობაზე მეტყველებს.

"ჩინეთი იმედოვნებდა, რომ ევროკავშირი შეურთდებოდა გლობალური სავაჭრო-სატრანსპორტო კორიდორების განვითარების ინიციატივას, მაგრამ ევროპელი ლიდერები უკან იხევენ, რადგანაც იზიარებენ ვაშინგტონის სიფრთხილეს ჩინეთთან ეკონომიკური დამოკიდებულების საშიშროებაზე."

ფორუმში მონაწილეობა უკვე დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა - "ჩვენ მივიღეთ მიწვევა და ვაპირებთ ჩინეთში გამგზავრებას",- განუცხადა ჟურნალისტებს პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა. 

მსგავსი სიახლეები