Sky: ჩრდილო კორეელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში მოწინავე პოზიციები დატოვეს

ჩრდილო კორეელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში ფრონტის ხაზი დატოვეს და რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ზურგში გადაინაცვლეს.

ინფორმაციას ამის შესახებ კურსკის ოლქში მებრძოლ უკრაინელ ოფიცრებზე დაყრდნობით Sky news ავრცელებს. 

უკრაინელი ოფიცრის თქმით, ჩრდილო კორეული დანაყოფების შეხების ხაზიდან გაყვანა ЗСУ-მ დაახლოებით 2 კვირის წინ აღმოაჩინა და ამ დროისთვის კურსში მხოლოდ რუსეთის არმიის დანაყოფები იბრძვიან. 

ტელეარხის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსი სამხედროებისა და ჩრდილო კორეელების გადაჭერილი საუბრები მეტყველებს, რომ კორეელები გადაჯგუფების პროცესში არიან და დაბრუნდებიან ფრონტის ხაზზე. 

"ისინი ან სამკურნალოდ არიან, ან შეცდომებს აანალიზებენ ან გაძლიერებას ელოდებიან"- ამბობს უკრაინელი ოფიცერი. 

კონტექსტი 

კურსკის ოლქში ახალი ჩრდილო კორეული დანაყოფების გაგზავნის შესახებ გასულ კვირას პენტაგონში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა New York Times. 

ამას ადასტურებდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორი, კირილო ბუდანოვი, თუმცა დასძენდა, რომ საუბარი არ იყო მრავალრიცხოვან დანაყოფებზე, ამასთანავე უკრაინელი მაღალჩინოსანი მიუთითებდა, რომ მომდევნო თვეებში მოსკოვი ფხენიანისგან ახალ რაკეტებს და საარტილერიო ჭურვებს ელოდა. 

Sky news-ის მასალაში ნათქვამია, რომ ჩრდილო კორეელ სამხედროებს თანამედროვე და ეფექტური აღჭურვილობა აქვთ, ხოლო მათ ზურგჩანთები საკვებისა და წყლის მაგივრად ტყვია-წამლითაა დატვირთული. 

"მათი გათვლაა, რომ ისინი გაიჭრებიან წინ, დაიკავებენ პოზიციებს, ხოლო შემდეგ ჩვენს საკვებსა და წყალზე გაძელებენ"- ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი ოფიცერი. 

უკრაინული წყაროები მიუთითებენ, რომ კურსკში მოქმედი ჩრდილო კორეელი ჯარისკაცების უმრავლესობა ახალგაზრდა, კარგად გაწვრთნილი და გამძლე მეომრები არიან. 

სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ცნობით, გასული წლის მიწურულს ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა რუსეთში 12 ათასამდე ჯარისკაცი გაგზავნა. ჩრდილო კორეული დანაყოფები რუსეთის გენერალურ შტაბის გადაწყვეტილებით კურსკის ოლქში გადაისროლეს, სადაც აგვისტოდან მოყოლებული უკრაინული არმიის ოპერაცია გრძელდებოდა. 

ცოტა ხნის წინ სეულში განაცხადეს, რომ საბრძოლო მოქმედებების შედეგად ჩრდილო კორეელბის დანაკარგებმა 3 ათასს აღემატება (300 მოკლული და 2700 დაჭრილი). 

ბრიტანული The Economist-ის ცნობით, ჯამურად კურსკის ოლქში რუსეთს 62-ათასიანი სამხედრო დაჯგუფება ჰყავს განლაგებული. ამავე წყაროს ცნობით, ეს სამჯერ აღემატება უკრიანელთა სამხედრო დაჯგუფებას.

პიკში უკრაინული არმია კურსკის ოლქში დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრს აკონტროლებდა, რუსეთის არმიისა და ჩრდილო კორეული დანაყოფების იერიშების შედეგად ამ დროისთვის უკრაინელთა კონტროლქვეშ დაახლოებით 400 კვადრატულ კილომეტრამდე რჩება. 

მსგავსი სიახლეები