სლოვენიის არჩევნებში ახალბედა ლიბერალმა კანდიდატმა გაიმარჯვა
სლოვენიის საპარლამენტო არჩევნებში ლიბერალი რობერტ გოლობის თავისუფლების მოძრაობამ გაიმარჯვა.
გოლობის პარტიამ, რომელიც 2022 წლის იანვარში დაფუძნდა, კვირას გამართულ არჩევნებზე ხმათა 34.5 პროცენტი მოიპოვა, რითაც მმართველ სლოვენიის დემოკრატიულ პარტიასთან (ხმათა 23.6 პროცენტი) საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა.
მოსალოდნელია, რომ ახალბედა ლიბერალი პოლიტიკოსი კონსერვატორ იანოს იანსას ჩაანაცვლებს, რომელიც სლოვენიის პრემიერ-მინისტრი სამი ვადით იყო.
იანოს იანსა რეგიონში არალიბერალური დემოკრატიის მედროშის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მოკავშირედ ითვლებოდა.
იანსას ოპოზიცია დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას და პრესის თავისუფლების შეზღუდვაში სდებდა ბრალს.
გოლობმა გამართულ არჩევნებს „დემოკრატიაზე რეფერენდუმი“ უწოდა და ამომრჩევლებს „უკან, თავისუფლებისკენ დაბრუნებას“ დაჰპირდა.
ანალიტიკოსები აზრით, ლიბერალ პოლიტიკოსს გამარჯვება სამოქალაქო საზოგადოების და ახალგაზრდების მობილიზაციამ მოუტანა, რამაც არჩევნებში საპროტესტო ხმის წილი გაზარდა.
არჩევნებში აქტივობის მაჩვენებელი, 70 პროცენტი, მნიშვნელოვნად აღემატება 2018 წელს ანალოგიურ მონაცემს (52 პროცენტი).
„ეს იყო ხმა იანსას წინააღმდეგ. სლოვენიის უნგრეთის გზაზე შედგომის წინააღმდეგ. სლოვენიაში არალიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ“, - აცხადებს სლოვენიელი ექსპერტი მიჰა კოვაჩი.