უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი მაგიარი: მოსახლეობის უმრავლესობას ახალი უნგრეთი სურს

გთავაზობთ ძირითად აქცენტებს Deutsche Welle-ს ინტერვიუდან უნგრეთის მთავარი ოპოზიციური ძალის, Tisza-ს ლიდერთან, პიტერ მაგიართან.

უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა, პიტერ მაგიარმა Deutsche Welle-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ უნგრელების უმრავლესობას ქვეყნის ახალ მიმართულებით განვითარება სურს.

DW-ის უფროს საერთაშორისო კორესპონდენტსთან, ფანი ფაქსართან საუბრისას მან აღნიშნა, რომ მისი სურვილია განიხილებოდეს, როგორც ვიქტორ ორბანის ანტითეზა.

"ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ერის გაერთიანება, პროპაგანდის შეჩერება, სიძულვილის ენის შეჩერება და ჩვენი ქვეყნის რეალობაზე, პირობებზე, მდგომარეობაზე საუბარი," - განაცხადა მან. "წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ შევძლებთ უნგრეთის ეკონომიკის აღდგენას, ერის აღდგენას, ევროკავშირის დაბრუნებას. "

ორბანის ყოფილმა თანაშემწემ პიტერ მაგიარმა შარშან ჩამოაყალიბა თავისი პარტია Tisza (პატივისცემა და თავისუფლება) და მომავალ წელს ჩასატარებელ არჩევნებზე ორბანის მთავარი კონკურენტი გახდა.

ფასების ზრდა, კორუფცია მთავრობაში და უნგრეთის ურთიერთობები ევროკავშირთან - ეს მაგიარის კამპანიის მთავარი საკითხებია.

"უნგრელი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა კორუფციის, ტყუილის, პროპაგანდისა და ავტოკრატიის წინააღმდეგია, ამიტომ უნგრელი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ჰქონდეს ახალი უნგრეთი ძალიან მოკლე დროში." - თქვა მან.

მაგიარს მიაჩნია, რომ ამ საკითხების მოგვარება გადამწყვეტია უნგრეთის ეკონომიკის აღდგენისა და ევროკავშირის ფინანსური რესურსების მოსაპოვებლად.

"რა თქმა უნდა, მე მაქვს მემარჯვენე წარსული, მაგრამ ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა და შემიძლია უნგრელებს დავპირდე, რომ ყველას წარმოვადგენთ. ჩვენ არ გვაინტერესებს Fidesz-ის (ორბანის პარტია - რედ.) ამომრჩეველი ხარ, ოპოზიციის თუ გადაუწყვეტელი." - აღნიშნა ოპოზიიის ლიდერმა.

მაგრამ საგარეო პოლიტიკაში მათ შორის განსხვავებები აშკარაა. მაგიარმა უნგრეთის ხელისუფლებას მოუწოდა მხარი დაუჭიროს უკრაინას და ხელი შეუწყოს მშვიდობას და ორბანს მოუწოდა, რომ "დაარწმუნოს პუტინი, მიიღოს ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებული დოკუმენტი."

"ბურთი პუტინის, აგრესორის მოედანზეა და მე მტკიცედ უნდა მოვუწოდო უნგრეთის პრემიერ-მინისტრს და პარტია Fidesz-ის ყველა პოლიტიკოსს, რომ დაურეკონ თავიანთ მოკავშირეს კრემლში და დაარწმუნონ ვლადიმერ პუტინი, მიიღოს მინიმუმ ეს ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტი," - თქვა მან.

ოპოზიციის ლიდერმა ხაზი გაუსვა უნგრეთის ევროპულ იდენტობას და უნგრეთის პრორუსული დღის წესრიგისგან დისტანცირების აუცილებლობას.

"არის ენერგეტიკის საკითხი, არის უსაფრთხოების საკითხი, ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს კონტაქტი რუსებთან, ყველა სხვა ქვეყანასთან, მაგრამ თუ ბუდაპეშტში ან უნგრეთის სხვა ნაწილში გაივლით ნახავთ, რპ, ისინი [უნგრელები] პროევროპელები არიან." - აღნიშნა მაგიარმა.

მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, პრიორიტეტი იქნება ბრიუსელში გაფრენა, რათა "მოლაპარაკება დაიწყოს ევროკომისიასთან, ყველა ინსტიტუტთან და ევროკავშირის სახსრების განბლოკვაზე."

მაგიარი ორბანის ბრალდებებსაც პასუხობს, რომ ის "უნგრეთის სუვერენიტეტისთვის საფრთხეს" წარმოადგენს. მან აღნიშნა, რომ მტრის ხატის შექმნა არის ცნობილი ტაქტიკა, რომელსაც ორბანი და მისი პარტია იყენებენ.

ეს ტაქტიკა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ 2010 წლიდან გამოიყენება და ორბანი მათ ჯორჯ სოროსისა და ბრიუსელის მარიონეტებად აცხადებს.

"მათ სურთ გადაიტანონ ყურადღება უნგრეთში არსებული პრობლემებიდან," - თქვა მან.

2024 წლის ივნისში, ევროპარლამენტის არჩევნებზე მაგიარის პარტიამ ხმების 29.6% მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა ორბანის Fidesz-ის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები