სოლეიმანის საფლავზე მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

ირანის ქალაქ ქერმანში, გუშაგთა კორპუსის ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის სასაფლაოზე მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) აიღო - აფეთქებებს 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 200-ზე მეტი. 

აფეთქებებიდან 24 საათში ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ტელეგრამ არხებზე ვრცელი განცხადება გავრცელდა, რომელშიც დასახელებულები არიან შემსრულებლები და ნათქვამია, რომ აფეთქება ე.წ. შაჰიდის ქამრის გამოყენებით მოხდა. 

თვითმკვლელი ტერორისტის ვერსიას ავრცელებდნენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული მედიებიც. 

ირანის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები მომხდარს ტერაქტად მოიხსენიებენ და გარდაუვალ შურისძიებაზე საუბრობენ, თუმცა არ აკონკრეტებენ ვის წინააღმდეგ. 

აფეთქებების შემდეგ ირანის არაერთ ქალაქში საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა, სადაც შეკრებილები ანტი-ამერიკულ და ანტი-ისრაელურ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. 

ყასემ სოლეიმანი რეგიონში ირანის მიერ ორგანიზებული ე.წ. წინააღმდეგობის რკალის არქიტექტორად მიიჩნეოდა. ამ რკალში მოიზრებიან პრო-ირანული გასამხედროებული დაჯგუფებები სირიაში, ლიბანში, იემენსა და ერაყში. 

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური ყუდსის დანაყოფის ყოფილი მეთაური 2020 წლის 4 იანვარს ქალაქ ბაღდადის აეროპორტის მახლობლად ამერიკული დრონის თავდასხმის დროს მოკლეს. აფეთქებები სოლეიმანის საფლავზე მისი დაღუპვის მეოთხე წლისთავს დაემთხვა, რა დროსაც მოსახსენიებელი ცერემონია იმართებოდა. 

 

მსგავსი სიახლეები