სომხეთი: აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებისას ორი ჯარისკაცი დაიღუპა
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები განახლდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ 1 სექტემბერს განაცხადა, რომ წინა დღეს აზერბაიჯანის მხრიდან დაბომბვის შედეგად ორი სომეხი სამხედრო დაიღუპა.
"აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სოტკის სექტორში (გეღარქუნიკის ოლქი, სომხეთის აღმოსავლეთით) სომხური პოზიციების დაბომბვის შედეგად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა," - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა.
აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ქელბაჯარის რაიონში მდებარე აზერბაიჯანული არმიის პოზიციებზე სომხური თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად ორი ჯარისკაცი დაშავდა. 1 სექტემბერს, დილით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხური მხარის დაბომბვის შესახებ ბასარკეჩარის რაიონში მდებარე პოზიციებიდან.
იმავდროულად, შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მთიან ყარაბაღში შესვლა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა სომეხია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ღრმა შეშფოთება გამოხატა რეგიონში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამო.
"ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, დაუყოვნებლივ გაიხსნას ლაჩინის დერეფანი ჰუმანიტარული, სავაჭრო და სამგზავრო მიმოსვლისთვის, შევთანხმდეთ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის კრიტიკული საჭიროებების ტრანსპორტირების საშუალებებზე. ძირითადი ჰუმანიტარული დახმარება არასოდეს უნდა გახდეს პოლიტიკური უთანხმოების საკითხი." - თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა.