სომხეთის ელჩი "არამეგობრული ნაბიჯებისთვის" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

8 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში სომხეთის ელჩი ვაღარშაკ ჰარუთუნიანი დაიბარა. კრემლის თანახმად, ერევნის მიერ გადადგმული "არამეგობრული ნაბიჯების სერიისთვის" მას "მკაცრი გაფრთხილება მისცეს." 

ამ ინფორმაციას Эхо Кавказа ავრცელებს.

მოსკოვის მიერ ჩამოთვლილ პრეტენზიებს შორის არის:

  • სომხეთის ტერიტორიაზე შეერთებული შტატების მონაწილეობით სამხედრო წვრთნების ჩატარება. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია ქვეყანაში ОДКБ-ს წვრთნების ჩატარება. La Repubblica-სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ უსაფრთხოებაზე რუსეთზე სრული დამოკიდებულება "სტრატეგიული შეცდომაა."
  • უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა და ფაშინიანის მეუღლის ანა ჰაკობიანის ვიზიტი კიევში. ვიზიტის ფარგლებში ჰაკობიანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან ერთად ფოტო გადაიღო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში უკრაინის ხელისუფლებას "ნაცისტური" უწოდა.
  • სომხეთი რომის სტატუტის რატიფიკაციის პროცესს იწყებს, რითაც ქვეყანა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარე გახდება. სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სტატუტის რატიფიცირების შემდეგ სომხეთის ხელისუფლება ვალდებული იქნება, პუტინი ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში დააპატიმროს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩს საპროტესტო ნოტაც ​​გადასცა, სადაც ნათქვამია, რომ მიუღებელია სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის შეურაცხმყოფელი განცხადებები საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მიმართ. საჯარო დებატების ფარგლებში, მან მას "ერთგვარი მდივანი" უწოდა.

რუსეთის სამინისტრომ ასევე შეშფოთება გამოხატა სომხეთში რუსული გამოცემა Sputnik-ის სომხეთის მიმომხილველის აშოტ გევორქიანისა და აქტიური პრორუსული პოზიციით ცნობილი ბლოგერის მიქაელ ბადალიანის დაკავების გამო. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა 7 სექტემბერს განაცხადა, რომ ისინი ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობის საქმის ფარგლებში დააკავეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვი, მიუხედავად პრეტენზიებისა, აგრძელებს სომხეთის მოკავშირედ განხილვას. ერევანმა ნოტას არ უპასუხა.

მსგავსი სიახლეები