სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჩეჩენი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დაასახელა

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა 23 წლის ჩეჩენი ქალის, აიშატ ბაიმურადოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები დაასახელა.

დეტალურად: უწყებაში ოფიციალურად განაცხადეს, რომ ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთის ორი მოქალაქე: კარინა იმინოვა და საიდ-ჰამზატ ბაისაროვი, რომლებიც ამ დროისთვის დაუდგენელი პირის დაკვეთით მოქმედებდნენ.

  • სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა 2025 წლის დეკემბერში დახმარებისთვის რუსეთს მიმართა, თუმცა სამართალდამცავებს კოლეგებისგან პასუხი ჯერაც არ მიუღიათ.

  • გარდა ამისა, სომხეთმა გასული წლის 1 დეკემბერს ეჭვმიტანილების შესახებ ინფორმაცია ინტერპოლს გადასცეს.

წინარე ისტორია: 2025 წლის 19 ოქტომბერს ერევანში 23 წლის აიშატ ბაიმურადოვა გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა ჩეჩენი ქალი 15 ოქტომბერს გაუჩინარდა. ოფიციალურ წყაროებში გარდაცვალების მიზეზი არ არის მითითებული, თავდაპირველად უფლებადამცველები ვარაუდობდნენ, რომ ქალი გაგუდეს.

  • ბაიმურადოვა, რომელიც ჩეჩნეთში ცხოვრობდა, სისტემატიურად იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. 2024 წელს ის უფლებადამცველ ორგანიზაცია CK SOS-ს დაუკავშირდა. 2025 წლის იანვარში უფლებადამცველებმა ქალი ერევანში გააპარეს.

ფართო ხედით: ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას გამოქცეული მსხვერპლების დევნაში რუსეთის ფედერაციის ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მაღალჩინოსნები და სპეცსამსახურები არიან ჩართულები.

  • ბაიმურადოვას შემთხვევაც კარგად დაგეგმილი ოპერაციის შთაბეჭდილებას ტოვებს -  საქმეში ფიგურირებს ვინმე 31 წლის კარინა იმინოვა. სწორედ მასთან შეხვედრას გეგმავდა გაუჩინარებამდე აიშატი. იმინოვა მსხვერპლმა ორი თვით ადრე გაიცნო. ამ პერიოდში იმინოვას ბაიმურადოვას სხვა ნაცნობებიც შეხვედრიან, რამდენიმე მათგანი ახლადშეძენილი მეგობრის ბინაშიც არის ნამყოფი.

  • ტრაგედიის დღეს იმინოვას კვალი გაქრა, ხოლო მის სოციალურ ქსელებში აღმოჩნდნენ რამზან კადიროვის ახლო გარემოცვის წევრები. უფლებადამცველების აზრით, იმინოვა დამნაშავეების თანამზრახველი იყო, ბაიმურადოვა სახლიდან გამოიტყუა და მკვლელებს ჩაუგდო ხელში.

  • ეჭვს ამყარებს 24 და 25 ოქტომბერს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ომბუდსმენის, მანსურ სოლტაევის გამოქვეყნებული ვიდეომიმართვები, რომლებშიც “უფლებადამცველი” ამტკიცებს, რომ მას ხელთ აქვს ბაიმურადოვას მიმოწერები და აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ქალი ამბობს, რომ აქტივისტებმა და კრიზისული ცენტრების თანამშრომლებმა მოტყუებით გაიყვანეს რუსეთიდან. ომბუდსმენი შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში აპირებს.

სიღრმისეულად: კავკასიელი ტყვე ქალები ანუ ჩეჩნური ფემიციდი

მსგავსი სიახლეები