სომხეთში საპროტესტო აქციებზე 284 ადამიანი დააკავეს
სომხეთის სხვადასხვა რაიონში აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 284 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ სომხური საინფორმაციო სააგენტო News.am ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
დაკავებულებს შორის არიან სომხეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატები, ცნობილი მომღერლები და ექიმი.
დემონსტრაციები სომხეთში 27 მაისს, ოპოზიციური მოძრაობა "ტავუში სამშობლოს სახელით" ლიდერის, მთავარეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის მოწოდებით დაიწყო.
გუშინდელ აქციაზე ოპოზიციამ ის სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის ნაცვლად წარადგინა, რომლის გადადგომასაც აქციის მონაწილეები ითხოვენ. გალსტანიანმა 30 წლის საეკლესიო მსახურების გაყინვა მოითხოვა და აღნიშნა, რომ მონაწილეობს არა პოლიტიკურ, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
გალსტანიანმა შავი ჯიპით გადაკეტა გზა ერევანში. აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის კიდევ რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა გადაკეტეს საავტომობილო გზები ერევანიდან არმავირის, აშტარაკის და სევანის მიმართულებით, ასევე გზა გიუმრიდან.
24 მაისს სომხეთმა აზერბაიჯანს საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაცია-დემარკაციაზე შეთანხმების ფარგლებში ოთხი სოფელი გადასცა. ტავუშის პროვინციისა და აზერბაიჯანის ყაზახის რაიონების სასაზღვრო ზონაში ოთხი სოფელი მდებარეობს, რომლებსაც ერევანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ აკონტროლებდა.