სსფ-მა მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.4 %-მდე შეამცირა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5 პროცენტული პუნქტით, 4.4 %-მდე შეამცირა.
გასულ წელს მსოფლიო ეკონომიკა 6 %-ით გაიზარდა.
სავალუტო ფონდის თანახმად, ზრდის შემცირებაზე უმეტესად მსოფლიოს ყველაზე მსხვილი - აშშ-ს და ჩინეთის - ეკონომიკების შენელებამ იმოქმედა.
ეკონომიკური ზრდის ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის სახელდება ომიკრონის ვარიანტის გავრცელება, ენერგომატარებლებზე ფასის ზრდა და შეფერხებები საქონლის მიწოდების ქსელში.
ამასთან, გაიზარდა ინფლაციური მოლოდინები.
სსფ-ს მიხედვით, 2022 წელს განვითარებულ ეკონომიკებში ფასების ზრდის ინდექსი საშუალოდ 3.9 %-ს მიაღწევს, ხოლო განვითარებად ეკონომიკებში იგივე მაჩვენებელი 5.9 % იქნება.
თუმცა, ფონდი წლის ბოლოსკენ ინფლაციური წნეხის შემცირებას ვარაუდობს, მას შემდეგ, რაც „მიწოდების შეფერხება აღმოიფხვრება“ და ცენტრალური ბანკები მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას დაიწყებენ.