სტარმერი არ ეწინააღმდეგება, რომ უკრაინამ Storm Shadow-ს რაკეტებით რუსეთი დაბომბოს
ბრიტანეთის მთავრობის ახალმა მეთაურმა, კირ სტარმერმა მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინას შეუძლია გამოიყენოს ბრიტანული Storm Shadow-ს რაკეტები რუსეთში სამხედრო სამიზნეების გასანადგურებლად.
ამის შესახებ მან Bloomberg-ის კითხვის პასუხად განაცხადა.
სტარმერის თქმით, ბრიტანეთის მიერ გადაცემული Storm Shadow-ს რაკეტების გამოყენებაზე გადაწყვეტილებები თავად უკრაინამ უნდა მიიღოს.
პრემიერმა დაადასტურა, რომ გააგრძელებს ბრიტანეთის წინა მთავრობის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომში შორ დისტანციაზე მოქმედი იარაღის გამოყენების შესახებ.
მისი თქმით, რაკეტები "აშკარად უნდა გამოიყენონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად." მან აღნიშნა, რომ Storm Shadow "თავდაცვითი მიზნებისთვის" უნდა გამოიყენონ.
"მაგრამ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენოს ისინი ამ თავდაცვითი მიზნებისთვის," - თქვა სტარმერმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერის განცხადება ეხმიანება მისი წინამორბედის, რიში სუნაკის სიტყვებს, რომელმაც პირდაპირ არ განაცხადა, რომ უკრაინას უფლებას აძლევდა Storm Shadow რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის გამოეყენებინა, მაგრამ აღნიშნა, რომ კიევი თავად გადაწყვეტს, როგორ გამოიყენოს ისინი.
კიევის ონკოლოგიურ საავადმყოფოზე რუსეთის თავდასხმის კომენტირებისას, სტარმერმა თქვა, რომ ეს იყო "აბსოლუტურად შოკისმომგვრელი, შემზარავი თავდასხმა."