სტარმერი და მაკრონი შეეცდებიან პოზიცია შეაცვლევინონ ბაიდენს რუსეთის სიღრმეში დარტყმებზე

ბრიტანული გაზეთი The Telegraph-ი იუწყება, რომ პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, "უკანასკნელად" შეეცდებიან ხელი შეუშალონ ტრამპის სურვილს, შეუმციროს მხარდაჭერა უკრაინას.

ბრიტანელი და ფრანგი ლიდერები ორშაბათს განიხილავენ, შესაძლებელია თუ არა ჯო ბაიდენის დარწმუნება, მისცეს უკრაინას უფლება Storm shadow ტიპის ფრთოსანი რაკეტების გამოყენებაზე რუსეთის სიღრმეში.

გაზეთის თანახმად, ამის შესახებ ორი ქვეყნის ლიდერი 11 ნოემბერს პარიზში იმსჯელებენ. ლონდონი იმედოვნებს, რომ ბაიდენი, რომელიც ცდილობს თავისი საგარეო პოლიტიკის მემკვიდრეობა განამტკიცოს, გასცემს ნებართვას, რომელსაც კიევი დიდი ხნის განმავლობაში ესწრაფოდა.

ოფიციალურ კიევს მიაჩნია, რომ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ომის მიმდინარეობაზე გავლენას იქონიებს.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თავისი წინასაარჩევნო კამპანიის განმავალობაში აცხადებდა, რომ უკრაინაში ომს "პირველ დღეს დაასრულებდა. The Telegraph-ის თანახმად, გაჩნდა შიშები, რომ ის აიძულებს უკრაინას, დათმოს ტერიტორიები, რომლებიც რუსეთმა დაიკავა".

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთგზის განაცხადა, რომ რუსეთისთვის ტერიტორიულ დათმობას არ აპირებს.

 

მსგავსი სიახლეები