State Dep: მნიშვნელოვანია გავიგოთ შემთხვევითობა იყო, თუ გამიზნული ქმედება
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების შესაძლო ჩამოვარდნას გამოეხმაურა.
საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ვედანტ პატელის თქმით, ამერიკისთვის მნიშვნელოვანია გაირკვეს, ეს მიზანმუმართული ქმედება იყო თუ საქმე შემთხვევითობასთან გვაქვს.
პატელის ცნობით, უკვე დაგეგმილია სატელეფონო ზარი აშშ-ს თავდაცვის მდივანსა და მის პოლონელ კოლეგას შორის. პატელის თქმით, ისინი აქტიურ კონსულტაციებს გადიან პოლონურ მხარესთან.
ცოტა ხნით ადრე მსგავსი შინაარსის განცხადება გაკეთდა პენტაგონშიც - პატრიკ რაიდერის ცნობით, აშშ-ს არ შეუძლია დაადუსტუროს პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის ფაქტი.
კონტექსტი
რუსეთის მიერ უკრაინისთვის ნასროლი ასამდე რაკეტიდან 2 პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში ჩამოვარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post ავრცელებს. ცნობებს ადასტურებს პოლონური მედიაც.
პოლონური მედიის ინფორმაციით, რაკეტები მარცვლეულის საშრობ საწყობს დაეცა, რის შედეგადაც დაიღუპა ორი მოქალაქე. ადგილზე უკვე მუშაობენ სამართალდამცველები და სახანძრო სამსახური.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერმა მორავიეცკიმ უსაფრთხოების და თავდაცვის საგანგებო სხდომა მოიწვია. სავარაუდოა, რომ სხდომის მოწვევა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნას უკავშირდება.
ოდნავ განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს ქალაქ ლუბლინის რადიო, რომლის ინფორმაციითაც რაკეტები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საწყობს დაეცა.
თავის მხრივ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო 2020 წლის ოქტომბერში შეიქმნა და მისი პირველი მდივნის პოსტს მმართველი პარტიის ლიდერი, იაროსლავ კაჩინსკი იკავებს.
კაჩინსკისა და პრემიერ-მინისტრის გარდა საბჭოში შედიან სპეცსამსახურების კოორდინაციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და იუსტიიციის მინისტრი.