სტოლტენბერგი ადასტურებს, რომ ზელენსკი ნატოს სამიტში მონაწილეობას მიიღებს
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში, ალიანსის სამიტში მონაწილეობას მიიღებს.
ამის შესახებ მან ვილნიუსში, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ სამიტმა უკრაინა ნატოსთან უნდა დააახლოოს.
"ჩვენ განვაახლებთ ჩვენს პოლიტიკურ კავშირებს. პრეზიდენტი ზელენსკი შემოგვიერთდება უკრაინა-ნატოს საბჭოს პირველ სხდომაზე," - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მანამდე, Європейська правда-სთან ინტერვიუში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვილნიუსის ნატოს სამიტში მონაწილეობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არსებობს.
7 ივლისს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ვილნიუსში ნატოს სამიტში მონაწილეობას მიიღებს, რაც უკრაინასა და ალიანსს შორის ურთიერთქმედების ახალი ფორმატის დაწყების ნაწილი იქნება.