სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ "ლეოპარდების" გადაცემის საკითხი მალე გადაწყდება

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინისთვის "ლეოპარდ 2"-ის ტანკების გადაცემის საკითხი მალე გადაწყდება.

"NATO-ს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ლეოპარდის საბრძოლო ტანკები აქვთ, შეუძლიათ აარჩიონ, რომელი ტანკები შეიძლება გადასცენ უკრაინას და გაამზადონ, ამავდროულად კი უკრაინული რაზმების წვრთნა დაიწყონ," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან, ბორის პისტორიუსთან ერთად ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

თავად ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი მოკავშირეებთან განიხილავს ლეოპარდ 2-ის ტანკების უკრაინისთვის მიწოდების საკითხს და შესაძლოა, რომ მათი გადაცემის ნებართვა უახლოეს რამდენიმე დღეში გასცეს.

"ვემზადები შესაძლო გადაწყვეტილებისათვის, ლეოპარდის ტანკების უკრაინისთვის გაგზავნისა და NATO-ს სხვა ქვეყნებისთვის იმის უფლების გაცემის თაობაზე, რომ თავადაც იგივე ქნან," - თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

20 იანვარს გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე გამართული შეხვედრისას NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინისთვის ლეოპარდის ტანკების გადაცემის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ლეოპარდების გადაცემის მზადყოფნა უკვე გამოთქვეს პოლონელებმა და ფინელებმა, მაგრამ რამდენადაც ლეოპარდები გერმანიაში მზადდება, უკრაინისთვის მათ გადაცემას სწორედ გერმანელების თანხმობა სჭირდება.

ამასთან, გერმანელები ჯერჯერობით თავადაც ყოყმანობენ, გადასცენ თუ არა უკრაინელებს თავიანთი ლეოპარდები.

გუშინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინას ლეოპარდის ტანკებს გერმანიის თანხმობის გარეშეც მიაწვდიდა.

დღეს, 24 იანვარს, პოლონელებმა გერმანელებს ოფიციალურად სთხოვეს ლეოპარდების გადაცემის თანხმობა, რაც აქამდე არ უქნიათ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები