სტოლტენბერგი: შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანება "მთავარი პრიორიტეტია"

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის წინადადებები ალიანსში გაწევრიანებაზე "მთავარი პრიორიტეტია".

ამის შესახებ მან ფინეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე 28 თებერვალს ჰელსინკში განაცხადა.  

"მოვიდა დრო, რომ მოხდეს ფინეთისა და შვედეთის წევრებად რატიფიცირება... წარმოუდგენელია, რომ ნატოს პასუხის გარეშე რაიმე საფრთხე შეექმნას ფინეთს ან შვედეთს", - თქვა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ფინეთი და შვედეთი "უახლესი ისტორიაში ყველაზე სწრაფად გადიან გაწევრიანების პროცესს". გაწევრიანებაზე განაცხადი ორივე ქვეყანამ შარშან მაისში გააკეთა.

ჯერჯერობით, ნატოს 30 წევრიდან 28-მ მოახდინა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება. უნგრეთსა და თურქეთს ეს ჯერ არ გაუკეთებიათ.

სტოლტენბერგის თქმით, უნგრეთის პარლამენტმა მიანიშნა, რომ დისკუსიებს "რამდენიმე დღეში" დაიწყებენ.

"როცა საქმე ეხება თურქეთს, ისინი გამოხატავენ გარკვეულ შეშფოთებას ძირითადად შვედეთის მიმართ. ჩემი გზავნილია ის, რომ ფინეთმაც და შვედეთმაც რეალურად შეასრულეს ის, რაზეც შეთანხმდნენ სამმხრივ შეთანხმებაში...  დადგა რატიფიცირების [შვედეთისა და ფინეთის ბლოკში შესვლის] დრო როგორც ბუდაპეშტში, ასევე ანკარაში. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო დიალოგს თურქეთთან, რადგან მნიშვნელოვანია ამის რაც შეიძლება მალე დასრულება", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ფინეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მის ქვეყანას სურს ნატოში გაწევრიანება, რადგან ეს ის ხაზია, რომელსაც "რუსეთი არ გადაკვეთს."

მსგავსი სიახლეები