სტოლტენბერგი: უკრაინა ნატოს წევრი გახდება
უკრაინა გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, მაგრამ ახლა მისი მთავარი ამოცანაა, რომ რუსეთთან ომი მოიგოს, საკუთარი სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად.
ამის შესახებ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 15 თებერვალს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ნატოს კარი ღიაა და მაგალითებად მოიყვანა ახალი წევრები - მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია, ასევე შვედეთი და ფინეთი, რომლებიც ნატოში გაწევრიანებასთან არიან.
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს კიევთან გრძელვადიანი პარტნიორობა სურს, რათა უკრაინა საბჭოთა სტანდარტებიდან და სისტემებიდან ალიანსის სტანდარტებზე გადავიდეს, რამაც უნდა დააახლოვოს უკრაინის ნატოში შესვლა.
ამ პროცესში, მნიშვნელოვანი ფაქტორია უკრაინის წარმატება ბრძოლის ველზე.
14 თებერვალს, უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან საუბრის შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ნატოს წევრებმა აიღეს ვალდებულება, კიევს მეტი მძიმე შეიარღება მიაწოდონ და გააფართოვონ უკრაინელი ჯარისკაცების სასწავლო პროგრამები.
მან აღნიშნა, რომ უკრაინას ახლა აქვს შესაძლებლობების ფანჯარა და შანსი, რომ ამ ომში, ძალთა ბალანსი თავის სასარგებლოდ შეცვალოს.
სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს ნატოს დახმარების პაკეტში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც უკრაინას საკვებით, საწვავით, სამედიცინო მარაგით, საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობით და მცურავი ხიდებით უზრუნველყოფს.
ალიანსის წევრები ასევე გააძლიერებენ რუსული აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფი სხვა ქვეყნების - მოლდოვის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მხარდაჭერას, რათა გააძლიერონ მათი თავდაცვისუნარიანობა და ნატოსთან ურთიერთქმედება.