სტოლტენბერგი: უკრაინას მხარს იქამდე დავუჭერთ, სანამ ეს დასჭირდება

ნატო უკრაინას მხარს იქამდე დაუჭერს, სანამ ეს დასჭირდება. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 13 ივლისს ევროპარლამენტის წევრებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გენერალურმა მდივანმა მადრიდში ნატოს სამიტის შედეგებზე ისაუბრა, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართა.

"მესიჯი იყო, რომ ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ვერავინ იწინასწარმეტყველებს როდის დასრულდება ეს ომი. მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ რაც უფრო მეტად შევძლებთ უკრაინის მხარდაჭერას, უფრო მეტად გავზრდით ამ ომის დასრულების შესაძლებლობას უკრაინისთვის მისაღები პირობებით და ჩვენი პასუხისმგებლობაა დავეხმაროთ მათ თავდაცვის უფლების აღსრულებაში და ეს არის ზუსტად ის, რასაც ნატოს მოკავშირეები აკეთებენ", - განაცხადა მან.

ამასთან, სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო არ მონაწილეობს ომში, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, უაღრესად დაფასებულ პარტნიორს, მაგრამ ნატო უკრაინაში საომარ მოქმედებებში პირდაპირ არ ჩაერთვება", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი სიახლეები