სტოლტენბერგი: ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობას.
"ჩვენ გამოვხატეთ სოლიდარობა სამივე პარტნიორის მიმართ (საქართველო, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მოლდოვა - რედ.), ვფიქრობ უკრაინის ამბავმა გვასწავლა, რომ ამ ქვეყნებს ახლავე უნდა დავეხმაროთ, სანამ პროცესები არასწორი მიმართლებით განვითარდება, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა. სწორედ ამიტომ გვაქვს საქართველოში წვრთნების და შეფასების ცენტრი, სადაც ნატოს ათობით წარმომადგენელი მუშაობს. გარდა ამისა, მოკავშირეები გააგრძელებენ მხარდაჭერას, რადგან ჩვენ გვჭირდება საქართველოსთან გრძელვადიანი პარტნიორობა. ჩვენ ასევე დავადასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მოკავშირეებმა აღნიშნეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარების აუცილებლობა." - თქვა სტოლტენბერგმა.
30 ნოემბერს, ბუქარესტში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორდღიანი შეხვედრები დაასრულეს. შეხვედრები ფოკუსირებული იყო ჩინეთიდან მომდინარე გრძელვადიან საფრთხეებზე და ასევე პარტნიორების მხარდაჭერაზე, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ არიან.
"ნატო არის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ალიანსი, მაგრამ გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, გლობალურია და ჩვენ მათ ერთად უნდა გავუმკლავდეთ მათ", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ჩინეთის ამბიციური სამხედრო განვითარება, მისი ტექნოლოგიური მიღწევები და მზარდი კიბერ და ჰიბრიდული აქტივობები. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ნატოს მდგრადობის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვას, ნატოს ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნებას და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის პარტნიორებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას.
იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ უკრაინის ომმა აჩვენა რამდენად სახიფათოა დამოკიდებულება რუსულ გაზზე.
მან ასევე განაცხადა: "ჩვენ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ვაჭრობას და ეკონომიკურ ურთიერთობას ჩინეთთან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ჩვენი დამოკიდებულების შესახებ, შევამციროთ ჩვენი დაუცველობა და ვმართოთ რისკები."
მინისტერიალის დასკვნით სესიას ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები შეუერთდნენ. ნატოს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ ამ სამი პარტნიორის მხარდაჭერა, მათ შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში.
სამშაბათს, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდნენ და მასთან უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებზე და გრძელვადიან მხარდაჭერაზე ისაუბრეს. მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა აუცილებელია - კერძოდ, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა.