სტოლტენბერგის თქმით, ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა დადასტურდება
ნატოს ვილნიუსის სამიტზე, წევრი ქვეყნების ლიდერები სამი ელემენტისგან შემდგარ პაკეტზე შეთანხმდებიან, რომლის მიზანიც უკრაინის ალიანსთან დაახლოებაა. ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 7 ივლისს, პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ჩვენი სამიტი მკაფიო გზავნილს გააგზავნის: ნატო ერთიანია, რუსეთი აგრესიაზე პასუხს აგებს. სამიტზე ჩვენ უკრაინას კიდევ უფრო გავაძლიერებთ და ჩამოვაყალიბებთ ხედვას მისი მომავლის შესახებ. ველი, რომ მოკავშირეთა ლიდერები შეთანხმდებიან სამ ელემენტიან პაკეტზე, რათა უკრაინა ნატოსთან დაახლოვდეს.
პირველ რიგში, ჩვენ შევთანხმდებით მრავალწლიან დახმარების პროგრამაზე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ნატოს შორის სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად.
მეორე, ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს პოლიტიკურ კავშირებს უკრაინა-ნატოს საბჭოს შექმნით.
და მესამე, მე ველი, რომ მოკავშირეთა ლიდერები დაადასტურებენ, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი. და ისინი გაერთიანდებიან იმ საკითხზე, თუ როგორ მიუახლოვდეს უკრაინა ამ მიზანს," - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, მოკავშირეები უკრაინას უკვე დაჰპირდნენ 500 მილიონი ევროს კრიტიკულ საჭიროებებს, რაც მოიცავს საწვავს, სამედიცინო მარაგს, განაღმვის აღჭურვილობასა და პონტონურ ხიდებს.
"ჩვენ უკრაინას ასევე დავეხმარებით უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის მშენებლობაში, მათ შორის სამხედრო ჰოსპიტალების. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას საბჭოთა ტექნიკიდან ნატოს აღჭურვილობასა და სტანდარტებზე გადასვლაში," - აღნიშნა მან.
ასევე, სტოლტენბერგის თქმით, სამიტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეუერთდება, რათა უკრაინა-ნატოს ახალი საბჭოს პირველ სხდომას დაესწროს.
"ეს იქნება პლატფორმა კრიზისული კონსულტაციებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის. სადაც ჩვენ ყველანი თანაბარ პირობებში დავსხდებით საერთო უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად," - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.