სუნაკი: დროა უკრაინის მხარდაჭერა გავაორმაგოთ
უკრაინის თავდაცვის ძალები დიდი რაოდენობით თანამედროვე იარაღით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რადგან ეს დასავლეთს თავისი გამარჯვების მისაღწევად სჭირდება. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
სუნაკმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ წელს დიდი ბრიტანეთი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოაცხადა უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ და დაიწყო მფრინავების და საზღვაო ქვეითების მომზადება. ის ასევე უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას.
მისი თქმით, სხვა მოკავშირეებმაც შეიძლება ისაუბრონ "მსგავსი ისტორიებზე" და ეს კოლექტიური ძალისხმევა უკრაინაში "სიტუაციას ცვლის."
"მაგრამ მაინც, რუსულ ჯარებს ყოველ დღე უფრო და უფრო მეტი ტკივილი და ტანჯვა მოაქვთ. ამის შეცვლის ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა", - თქვა სუნაკმა.
ამ სიტყვებს მსმენელების ოვაციები მოჰყვა.
მისი თქმით, მსოფლიოს სჭირდება სამხედრო სტრატეგია უკრაინისთვის, რომელიც დაეხმარება ბრძოლის ველზე გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას - ომის მოგებას.
პრემიერმა აღნიშნა, რომ გამარჯვებისთვის უკრაინას მეტი არტილერია, ჯავშანტექნიკა და სხვა შეიარაღება სჭირდება.
"ახლა არის დრო, რომ გავაორმაგოთ ჩვენი მხარდაჭერა. როდესაც პუტინმა ეს ომი დაიწყო, მან ფსონი იმაზე დადო, რომ ჩვენი მხარდაჭერა შეირყევოდა და ახლა დავამტკიცებთ, რომ ის ცდება", - თქვა სუნაკმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინა და უკრაინელები ახლა იცავენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ყველა სახელმწიფოს უსაფრთხოებას, ამიტომ ისინი იმსახურებენ მეტ დახმარებას, მათ შორის უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს რუსული აგრესიისგან.