სუნაკი: უკრაინის ლეგიტიმური ადგილი ნატოშია
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხი განიხილა.
ამის შესახებ სუნაკის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ბრიტანეთის პრემიერის სპიკერმა თქვა, რომ რუსეთთან ომის დროს უკრაინის ნატოში გაწევრიანება შეუსაბამო იქნებოდა, მაგრამ სუნაკი თვლის, რომ უკრაინის "ლეგიტიმური ადგილი" ალიანსშია.
"ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან და ჩვენს მოკავშირეებთან, რათა უკრაინა ალიანსს შეუერთდეს," - აღნიშნა სპიკერმა.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ნატოში უკრაინის "ლეგიტიმური ადგილის" შესახებ ფორმულირება გასულ თვეშიც, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ყოფნისას გამოიყენა.
სუნაკმა და ბაიდენმა ასევე უკრაინაში კონტრშეტევის მიმდინარეობა განიხილეს და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო პარტნიორების გრძელვადიანი თავდაცვის ვალდებულების მნიშვნელობას.
უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე მსჯელობა ალიანსის სამიტს უკავშირდება, რომელიც ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება.
სამიტამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ოფიციალურ ბერლინს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინის ნატოში სწრაფი გაწევრიანების ბლოკირება.