სუროვიკინი ФСБ-მ დააკავა და იზოლირებულია - Вёрстка
უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურის მოადგილე სერგეი სუროვიკინი კონტრდაზვერვამ ევგენი პრიგოჟინის აჯანყებასთან დაკავშირებით დააკავა.
ამ ინფორმაციას რუსული გამოცემა Вёрстка, სამართალდამცავ ორგანოებთან დაახლოებულ წყაროზე და სხვა თანამოსაუბრეზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცავ ორგანოებთან დაახლოებული წყარო ირწმუნება, რომ სუროვიკინი ФСБ-მ აჯანყების ორგანიზებაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა, მაგრამ მისთვის რეალურად ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.
გამოცემის კიდევ ერთი თანამოსაუბრის თქმით, სუროვიკინი იზოლირებულია და ნათესავებთან ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ ურთიერთობს.
ორივე წყარო ამტკიცებს, რომ გენერლის დაკითხვა მიმდინარეობს.
ადვოკატი, რომელსაც გამოცემა ესაუბრა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უამრავი გზა არსებობს იმისათვის, რომ ბრალის წარდგენის გარეშე ადამიანი საზოგადოებისგან იზოლირებული იყოს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ადმინისტრაციული დაპატიმრება, სხვა საქმის აღძვრა.
კონტექსტი
ევგენი პრიგოჟინის აჯანყების დასრულების შემდეგ, რუსეთის ФСБ-მ პრიგოჟინისა და ვაგნერელების წინააღმდეგ სამხედრო აჯანყებაზე საქმის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
თუმცა, სუროვიკინი, რომელსაც დასავლური მედია არაერთხელ უკავშირებდა პრიგოჟინს, 24 ივნისის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. სწორედ ამ დღეს მიმართა მან ვაგნერელებს და იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.
სუროვიკინის დაკავების შესახებ ინფორამცია Financial Times-მაც გაავრცელა. გაზეთის ცნობით, ის პატიმრობაშია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მას ბრალი შეთქმულებაში ედება თუ დაკითხვაზე დააკავეს.
Bloomberg ასევე წერდა, რომ გენერალი რამდენიმე დღის განმავლობაში იკითხებოდა სამხედრო პროკურორების მიერ პრიგოჟინთან მისი კავშირების შესახებ. სააგენტოს წყარო ირწმუნებოდა, რომ სუროვიკინი ციხეში არ იმყოფებოდა.
რუსეთის ფედერაციამ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია უარყო.
12 ივლისს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანდრეი კარტაპოლოვმა, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, თქვა, რომ სუროვიკინი "ახლა ისვენებს" და "ჯერ არ არის ხელმისაწვდომი."