„სუვერენიტეტის დაცვის აქტისთვის" EU უნგრეთის წინააღმდეგ მოქმედებებს იწყებს
ევროპის კავშირი „სუვერენიტეტის დაცვის აქტის“ მიღებისთვის უნგრეთის წინააღმდეგ მოქმედებებს იწყებს.
„სუვერენიტეტის დაცვის აქტით“, რომელიც ძალაში გასული წლის დეკემბერში შევიდა, სამთავრობო ორგანო შეიქმნა, რომელსაც უცხოური დაფინანსების მქონე ნებისმიერ ფიზკურ პირსა და ორგანიზაციაზე ინფორმაციის შეგროვება და „უნგრეთის სუვერენიტეტის შელახვის“ შემთხვევაში გამოძიების დაწყების უფლება აქვს. აღნიშნული კანონით „სუვერენიტეტის შელახვა“ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ოპონენტები უნგრეთის მმართველი პარტიის, „ფიდეშის“ მიერ მიღებულ კანონს რუსეთის „უცხოური აგენტების“ კანონს ადარებენ, რომლის მიზანიც ხელისუფლების კრიტიკოსების დევნა და განსხვავებული აზრის ჩახშობაა.
უნგრეთის ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კანონში „სუვერენიტეტის აღმოფხვრის“ მნიშვნელობის ბუნდოვანი ფორმულირების და მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადი სასამართლო სისტემის პირობებში, „სუვერენიტეტის დაცვის აქტით“ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ოპონენტები დევნის სამიზნე გახდებიან.
ბრიუსელი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ უნგრეთის მიერ დამტკიცებული „სუვერენიტეტის დაცვის აქტი“ საფრთხეს უქმნის ევროპის კავშირის დემოკრატიულ ღირებულებებს, ასევე ადამიანების ფუნამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს.
ევროკომისიამ ბუდაპეშტს ევროპის კავშირის კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რაც სამართალწარმოების დაწყების პირველი ნაბიჯია. უნგრეთის ხელისუფლებას პასუხის გაცემისთვის და ევროკომისიის შეშფოთების მიზეზის აღმოფხვრისთვის ორი თვე აქვს.
ევროპარლამენტი გმობს უნგრეთის ხელისუფლების მიზანმიმართულ, სისტემატურ და უწყვეტ ძალისხმევას, ძირი გამოუთხაროს ევროპის კავშირის დამფუძნებელ ფასეულობებს.