ტაივანის ოპოზიციური პარტიები ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე ვეღარ შეთანხმდნენ
ტაივანის ოპოზიციური პარტიების შეთანხმება საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატის შესახებ ბოლო მომენტში ჩაიშალა.
ძირითადი ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ჩინეთის მიმართ უფრო მეგობრულად არიან განწყობილნი - გომინდანი (KMT) და ტაივანის სახალხო პარტია (TPP) გასულ კვირას მოულოდნელი შეთნახმების შესახებ გამოაცხადეს, თუმცა რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეთანხმება ჩაფლავდა.
ერთიანი კანდიდატის შესახებ შეთანხმების რღვევა მისი გამოცხადებიდან მალევე დაიწყო - ადგილობრივი პრესის ცნობით, უთანხმოების მიზეზი ერთიანი კანდიდატის გამოვლენის მექანიზმზე შეუთანხმებლობა გახდა.
თავდაპირველად მხარეები ამბობდნენ, რომ ერთიან კანდიდატად იმ პარტიის წევრი გავიდოდა, რომელსაც საზოგადოებრივი აზრის კვლევებით გამარჯვების უფრო მაღალი შანსი ექნებოდა. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ კვლევებსა და მათი ინტერპრეტაციის მეთოდებზე ვერ მოხერხდა კომპრომისის მიღწევა, რის შემდეგაც პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატები არჩევნებზე ცალ-ცალკე დარეგისტრირდნენ.
ანალიტიკოსების აზრით, ერთიანი კანდიდატის შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდათ, თუმცა არსებულ ვითარებაში მმართველი დემოკრატიულ-პროგრესული პარტიის (DPP) კანდიდატს დიდი უპირატესობა ექნება.
23 ნოემბერს გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გომინდანისა და სახალხო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მწვავე დებატები გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკოსებმა შიდა მიმოწერა გაასაჯაროვეს და გასული კვირის შეთანხმებას დიდი შეცდომა უწოდეს.
კონტექსტი
ტაივანის ისტორიაში 13-ე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მომდევნო წლის იანვარში გაიმართება.
ჩინეთი და ტაივანი გასული საუკუნის 1940-იან წლებში სამოქალაქო ომის პერიოდში გაიყვნენ - მატერიკულ ჩინეთში კომუნისტური პარტიის გამარჯვების მიუხედავად ტაივანს დამარცხებული გენერალი ჩან კაიშის პარტია მართავდა.
ჩინეთი კუნძულს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის დაიბრუნოს კუნძული თუნდაც ძალის გამოყენებით.
ტაივანს აქვს თავისი კონსტიტუცია და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული მთავრობაც. ტაივანის განკარგულებაშია 300 ათასიანი კარგად შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალები.
ქვეყნების აბსოლიტური უმრავლესობა ტაივანს არ აღიარებს, მთელი მსოფლიო კუნძულის წარმომადგენლად პეკინში მჯდომ მთავრობას მიიჩნევს.
ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს არც ამერიკის შეერთებული შტაბები. აშშ-ს ტაივანთან არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობებიც, თუმცა მოქმედებს კანონი, რომელიც აშშ-ს ავალდებულებს ტაივანს თავდაცვაში დაეხმაროს.