ტაივანმა ადგილობრივი წარმოების პირველი წყალქვეშა ნავი წარადგინა
ტაივანმა ადგილობრივი წარმოების პირველი წყალქვეშა ნავი წარადგინა. უკვე მრავალი წელია ტაივანი წყალქვეშა ფლოტის შექმნას ცდილობს, თუმცა ეს ჩინეთის მხრიდან პოტენციურ მიმწოდებლებზე განხორციელებული წნეხის ფონზე პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.
პირველი წყალქვეშა ნავის შექმნას ტაივანმა 7 წელი მოანდომა და ჯამურად 1.5 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.
"ჩვენ ეს შევძელით. წყალქვეშა ნავი ღრმა წყლებში ტაივანის წინააღმდეგობის უტეხი სულით და სიმამაცით დაიცავს ჩვენს სამშობლოს, თავისუფლებას და დემოკრატიას",- განაცხადა ტაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინგ-ვენმა.
ტაივანი კიდევ 8 წყალქვეშა ნავის აშენებას გეგმავს - ამ დროისთვის ადგილობრივი შეიარაღებული ძალების განკარგულებაში 1980-იან წლებში ნიდერლანდებისგან შეძენილი 2 წყალქვეშა ნავია.
ტაივანის წყალქვეშა ნავების პროგრამის ხელმძღვანელის, ადმირალ ჰუანგ შუ-კუანგის თქმით, წყალქვეშა ნავი სამხედრო-საზღვაო ძალებს 2024 წელს გადაეცამა. ნავი აღჭურვილი MK-48 ტიპის ანტი-სახომალდო რაკეტებით, რომელიც ამერიკული Lockheed Martin-ის წარმოებაა.
ჩინეთისგან მომწოდებლებზე შესაძლო წნეხის გამო ტაიპეი წყალქვეშა ნავების პროგრამას მკაცრ საიდუმლოებაში ინახავს, თუმცა შუ-კუანგის ცნობით, ახალი წყალქვეშა ნავი 40%-ით ადგილობრივი წარმოების მაკომპლექტებლისგან შედგება.
ტაივანელი სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, წყალქვეშა ნავების ეფექტურმა ფლოტმა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაართულოს ჩინეთის მდგომარეობა სრუტეში თუ კი ის თვითმართველ კუნძულზე შეჭრას გადაწყვეტს.
ჩინეთი და ტაივანი - მოკლე გზამკვლევი
ჩინეთი და ტაივანი გასული საუკუნის 1940-იან წლებში სამოქალაქო ომის პერიოდში გაიყვნენ - მატერიკულ ჩინეთში კომუნისტური პარტიის გამარჯვების მიუხედავად ტაივანს დამარცხებული გენერალი ჩან კაიშის პარტია მართავდა.
ჩინეთი კუნძულს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის დაიბრუნოს კუნძული თუნდაც ძალის გამოყენებით.
ტაივანს აქვს თავისი კონსტიტუცია და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული მთავრობაც. ტაივანის განკარგულებაშია 300 ათასიანი კარგად შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალები.
ქვეყნების აბსოლიტური უმრავლესობა ტაივანს არ აღიარებს, მთელი მსოფლიო კუნძულის წარმომადგენლად პეკინში მჯდომ მთავრობას მიიჩნევს.
ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს არც ამერიკის შეერთებული შტაბები. აშშ-ს ტაივანთან არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობებიც, თუმცა მოქმედებს კანონი, რომელიც აშშ-ს ავალდებულებს ტაივანს თავდაცვაში დაეხმაროს.