ტაივანს ამერიკელი კანონმდებლების კიდევ ერთი დელეგაცია ეწვია
ნენსი პელოსის ვიზიტიდან 2 კვირის შემდეგ ტაივანს ამერიკელი კონგრესმენების კიდევ ერთი დელეგაცია ეწვია.
ამჯერად კუნძულს 5 ამერიკელი კანონმდებელი ეწვია, მათ შორისაა: სენატორი ედ მარკი და კონგრესმენები - ჯონ გარამენდი, ალან ლოუენტალი, დონ ბაიერი, ამანდა კოულ-რადვაგენი. ამერიკელი კანონმდებლები კუნძულზე 2-დღიანი ვიზიტით იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა რანგის შეხვედრებთან ერთად, ამერიკელი პოლიტიკოსები ტაივანის პრეზიდენტს, ცაი ინგ-ვენსაც შეხვდებიან.
დელეგაციას დემოკრატი სენატორი ედ მარკი ხელმძღვანელობს, რომელმაც 1979 წელს ხმა მისცა საკანონმდებლო აქტს ტაივანთან ურთიერთობების შესახებ, რომელიც აშშ-სა და კუნძულს შორის ურთიერთობებს არეგულირებს. აქტი კუნძულის სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას ითვალისწინებს.
რა ხდება ტაივანსა და ჩინეთს შორის - მოკლედ
ჩინეთის სახელისუფლებო მედიის თანახმად, ექვსიდან სამი წრვთნა იმ ადგილებში გაიმართება, რომლებსაც ტაივანი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
ტაივანელები კი ამბობენ, რომ ამ დღეებში მათი საჰაერო სივრცე უკვე 27-მა ჩინურმა თვითმფრინავმა გადაკვეთა. ტაივანის თავდაცვის მინისტრმა ჩინეთის მოქმედებებს სულაც ბლოკადა უწოდა.
ექსპერტების მოსაზრებით, ჩინეთის მოქმედებების შეიარაღებულ კონფლიქტში გადაზრდის შანსი დაბალია და ამ ყველაფრის მთავარი მიზანი ძალის დემონსტრირებაა. სამხედრო წრვთნებით ჩინელები აჩვენებენ, კუნძულზე თავდასხმის შემთხვევაში რა ძალის გამოყენება შეუძლიათ.
ამანდა ჰსიაო, Crisis Group-ის ჩინეთის მთავარი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ჩინეთის ამგვარი რეაქცია მოულოდნელი არ ყოფილა.
"ბეიჯინჯი აშკარად ცდილობს, გამოხატოს თავისი მტკიცე წინააღმდეგობა პელოსის ვიზიტის მიმართ.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამხედრო პასუხი იმაზე თვალშისაცემად მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე აქამდე გამოვლენილი რეაქცია ყოფილა. რაც, თავისთავად, მაღალი თამასაა".
ტაივანი, რომელიც ჩინეთის სამოქალაქო ომში კომუნისტების გამარჯვების შემდეგ პეკინისგან დამოუკიდებელია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მის ნაწილად მიაჩნია.