ტაივანზე ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ტაივანზე ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ეროვნული სამაშველო სააგენტო 3 აპრილს იტყობინება.
მიწისძვრის ეპიცენტრი ჰუალიენის ოლქში იყო.
ამავე სახელწოდების ქალაქში, რომელიც ადმინისტრაციული ცენტრია, ძლიერ დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა: ჩამოინგრა პირველი სართული, შენობის ნაწილი კი 45 გრადუსიანი კუთხით გადაიხარა.
ტაივანის დედაქალაქ ტაიპეიში დაზიანებულია საცხოვრებელი და საოფისე შენობები, ასევე ახლად აშენებული მეტროს ხაზი. კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოძრაობა თითქმის შეჩერდა, რადგან მეწყერმა და კლდეების ჩამოცვენამ დააზიანა გვირაბები და მაგისტრალები მთიან რეგიონში, ასევე დააზიანა მანქანები. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე 940 ადამიანი.
ტაივანის მიწისძვრის მონიტორინგის სააგენტომ 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა დააფიქსირა, ხოლო აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა - 7.4.
მიწისძვრის ეპიცენტრი ჰუალიენიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 18 კმ-ში მდებარეობდა.
ჩინური მედიის ცნობით, მიწისძვრა შანხაიში და ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე რამდენიმე პროვინციაში იგრძნობოდა. ჩინეთი და ტაივანი დაახლოებით 140 კმ-ით არის დაშორებული.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ კუნძულ იონაგუნის სანაპიროზე ცუნამის ტალღა დაფიქსირდა, 30 სმ-ის სიმაღლით.
ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა ცუნამის გაფრთხილება გამოსცა, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ ის გააუქმა.