ტაკერ კარლსონი ადასტურებს, რომ ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუს ჩაწერს
ამერიკელმა ჟურნალისტმა და წამყვანმა ტაკერ კარლსონმა განაცხადა, რომ ინტერვიუს იღებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
ამის შესახებ Politico წერს.
Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა თქვა, რომ ის პუტინთან ინტერვიუს ჩაწერს, "რადგან ეს ჩვენი საქმეა. ჩვენ ჟურნალისტიკაში ვართ. ჩვენი მოვალეობაა ხალხის ინფორმირება."
კარლსონი პირველი ამერიკელი იქნება, ვინც პუტინთან ინტერვიუს ჩაწერს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. მან არაერთხელ მოითხოვა უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა და ის ხშირად აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლებას.
ტელეწამყვანმა, რომელიც გასულ წელს Fox-მა გაათავისუფლა, არ დააკონკრეტა როდის გავა ინტერვიუ ეთერში, მაგრამ თქვა, რომ ის "არარედაქტირებულად" მის პირად გვერდზე გამოქვეყნდება.
X-ზე გამოქვეყნებულ მონოლოგში კარლსონმა თქვა, რომ მას სურს პუტინთან საუბარი, რადგან "ინგლისურენოვანი ქვეყნების მოსახლეობა" ცუდად არის ინფორმირებული უკრაინის ომის შესახებ და მათთვის "არავის უთქვამს მათთვის სიმართლე."
კარლსონის თქმით, დასავლური მედია თავის აუდიტორიას ატყუებს.
"მათი მედია კორუმპირებულია. ისინი ატყუებენ თავიანთ მკითხველს და მაყურებელს და ამას ძირითადად უმოქმედობით აკეთებენ," - აღნიშნა კარლსონმა. "ჩვენ აქ იმიტომ არ ვართ, რომ ვლადიმერ პუტინი გვიყვარს. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ გვიყვარს შეერთებული შტატები და გვინდა, რომ ის აყვავებული და თავისუფალი იყოს."
კარლსონის ვიზიტის შესახებ ახალი ამბები პირველად შაბათ-კვირას გავრცელდა, როდესაც Mash-მა Telegram-ზე დაწერა, რომ კარლსონი მოსკოვის "დიდ თეატრში" იმყოფებოდა.