თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი მოლდოვაში არ შეუშვეს
მოლდოვის ხელისუფლებამ რუსეთის შემადგენლობაში შემავალი თათრეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი მოდლოვაში არასასურველ პირად გამოაცხადეს და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.
ამის შესახებ რუსტამ მინიხანოვმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა. მოლდოვის ხელისუფლებასთან აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაურვცელებია.
რუსტამ მინიხანოვი კიშინიოვში სახელმწიფო კომპანია AК-Барс-ის ხელმძღვანელთან ერთად, მოლდოვის შემადგენლობაში შემავალი გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი პარლამენტის დეპუტატის მოწვევით ჩავიდა.
მინიხანოვის თქმით, ის კიშინიოვში გაჩერებას არ აპირებდა და სამუშაო ვიზიტით სწორედ გაგაუზიაში გეგმავდა გამგზავრებას, თუმცა მას აეროპორტში განუმარტეს, რომ ის მოლდოვის ტერიტორიაზე არასასურველ პერსონადაა გამოცხადებული.
კონტექსტი
გაგაუზია მოლდოვის სამხრეთში მდებარე ავტონომიური წარმონაქმნია, სადაც ძირითად თიურქული წარმომავლობის მართლმადიდებლები ცხოვრობენ. გაგაუზიაში ძლიერი პრო-რუსული განწყობები, მათ შორის ადგილობრივი პოლიტიკოსები კრემლთან პირდაპირ კავშირში არიან.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრო-რუსმა კანდიდატმა იგორ დოდონმა ყველაზე მეტი ხმა სწორედ გაგაუზიის ოლქში მიიღო.