თელ-ავივში თავდასხმას იტალიელი ტურისტი ემსხვერპლა, 7 ადამიანი დაშავდა

პარასკევს ღამით, თელ-ავივში თავდამსხმელი ავტომანქანით ქვეითებს დაეჯახა. დაიღუპა იტალიელი ტურისტი და შვიდი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ Times of Israel წერს.

თელ-ავივის პოლიციამ განაცხადა, რომ მამაკაცი თეთრი ავტომობილით გადაადგილდებოდა და სანაპიროზე ქვეითებს დაეჯახა, შემდეგ კი გადაბრუნდა. სამართალდამცავების თქმით, თავდამსხმელს იარაღი გქონდა, რომლის გამოყენების საშუალებაც მას არ მისცეს და ადგილზე მოხდა მისი ლიკვიდირება.

ტერორისტი ისრაელის მოქალაქე 45 წლის იუსეფ აბუ ჯაბერი იყო. მას წარსულში კანონის დარღვევის ისტორია არ ჰქონია. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის აგენტები და პოლიციის ოფიცრები პარასკევს ღამით აბუ ჯაბერის სახლში იმყოფებოდნენ და მისი ოჯახის წევრები დაკითხეს.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ "ღრმა მწუხარება" გამოთქვა და "დაღუპულის ოჯახს, დაშავებულებს და ისრაელის სახელმწიფოს სოლიდარობა გამოუცხადა."

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავდასხმის ადგილს ეწვია და ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად პოლიციისა და არმიის რეზერვისტების მობილიზების ბრძანება გასცა.

თავდასხმა ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანსა და ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე ავიადარტყმებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა. ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ დარტყმები ხუთშაბათს ლიბანიდან ისრაელის დაბომბვაზე პასუხი იყო.

ისრაელში ვითარების დაძავა იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთში პოლიციის მიერ ღამით ორი რეიდის ჩატარებამ გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები