ტერიტორიული დათმობის დამშვებ უკრაინელთა რიცხვი 32%-მდე გაიზარდა, 55% წინააღმდეგია

მშვიდობის სანაცვლოდ რუსეთთან ტერიტორიული დათმობების დამშვები უკრაინელთა რიცხვი 32%-მდე გაიზარდა, თუმცა უმრავლესობა (55%) კვლავ წინააღმდეგია ნებისმიერი დათმობის. 

ამის შესახებ კიევის სოციოლოგიური ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევიდან ხდება ცნობილი. 

მიმდინარე წლის მაის-ივნისის პერიოდში ჩატარებული კვლევა ქვეყანაში და ბრძოლის ველზე შექმნილი რთული მდგომარეობის ფონზე უკრაინელთა შეცვლილ განწყობაზე მოწმობს. 

შედარებისთვის 2023 წლის მიწურულს იმ უკრაინელთა რიცხვი, რომლებიც მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიულ დათმობებს დასაშვებად მიიჩნევდნენ 19%-ს შეადგენდნენ. მიმდინარე წლის თებერვალში მაჩვენებელი 26%-ს შეადგენდა, ხოლო უკვე მაისში 32%-მდე გაიზარდა. 

ამასთანავე უკრაინელთა 55% კვლავ ეწინააღმდეგება ტერიტორების რუსეთისთვის დათმობას. 

საყურადღებოა, რომ დათმობებისთვის მზადმყოფი უკრაინელების 73%-ს რუსეთთან ყველანაირი კომუნიკაციის გაწყვეტა სურს, მათ შორის საზღვრების ჩაკეტვასაც. 79% ემხრობა იგივე ზომებს იმ უკრაინელთა შორის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დათმობებს. 

ტერიტორიული დათმობის მომხრეებს შორის 46% მიიჩნევს, რომ რუსეთის მიზანი უკრაინელი ერის განადგურება ან გენოციდია. დათმობების მოწინააღმდეგე უკრაინელებში იგივე მაჩვენებელი 68%-ს შეადგენს. 

კვლევის მიხედვით, უკრაინელთა რიცხვი, რომლებსაც დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის შესახებ რუსული ნარატივის სჯერათ 5%-ს შეადგენს. 

კონტექსტი 

სოციოლოგიური ინსტიტუტის დირექტორის, ანტონ გრუშეცკის თქმით, პერიოდში, როდესაც კვლევა ტარდებოდა რუსეთს ახალდაწყებული ჰქონდა იერიში ხარკივის ოლქში, ხოლო შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით ხარვეზები იყო. 

"ცხადია, საგანგაშო ტრენდები არის და ეს ყურადღებას საჭიროებს, კონსტრუქციულ და მოზომილ რეაგირებას, მაგრამ არ ღირს ვითარების ზედმეტად დრამატიზება" - ამბობს გრუშეცკი. 

ამასთანავე სოციოლოგი ხაზს უსვამს, რომ ტერიტორიულ დათმობების მომხრე უკრაინელთა მყარი უმრავლესობა კვლავ ეწინააღმდეგება მშვიდობას ნებისმიერ პირობებზე. 

"კვლევა აჩვენებს უკრაინელთა მოქნილობას შესაძლო დიალოგის ფარგლებში"-  განმარტავს გრუშეცკი. 

15 ივლისს კიევის რაზუმკოვის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, უკრაინელთა 44% მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობოდა.  ამასთანავე ქვეყნის მოსახლეობის მყარი უმრავლესობისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ წამოყენებული პირობები. 

ვლევის შედეგები და მოსახლეობის განწყობების საკმაოდ განსხვავებულია რეგიონების მიხედვით. მაგალითად, ცენტრალური უკრაინაში რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას გამოკითხულთა 49% ემხრობა, ხოლო დასავლეთ რეგიონებში 35%. კიდევ უფრო მეტი (გამოკითხულთა 60%) უჭერს მხარს მოლაპარაკებების დაწყებას სამხრეთ რეგიონებში - ეს ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 16%-ით აღემატება. 

ამასთანავე უკრაინელთა აბსოლიტური უმრავლესობისთვის (83%) მიუღებელია რუსეთის მიერ წამოყენებული პირობები უკრაინის 4 ოკუპირებული რეგიონის დათმობის შესახებ. 

უმრავლესობა (58%) წინააღმდეგია უკრაინის უბლოკო სტატუსის კონსტიტუციაში დაფიქსირების. 

მსგავსი სიახლეები