ტერორისტული თავდასხმა ისრაელში: დაიღუპა 7 ადამიანი
შვიდი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე რვა დაიჭრა სამშაბათს საღამოს იაფაში განხორციელებული ტერაქტის შედეგად. ისრაელის პოლიციის ცნობით, ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერაქტი იყო.
ორი ტერორისტი, რომელთაგან ერთი ავტომატით იყო შეიარაღებული, მეორე კი დანით, თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებს თელ-ავივის სარკინიგზო სადგურზე.
პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი ტერორისტი ადგილზე მოკლეს, მეორე კი მძიმედ დაიჭრა.
ტერორისტების იდენტიფიცირება უკვე მოხდა - მეჰმედ ხალაფ საჰერ რაჯაბი და ჰასან მუჰამედ თამიმი, ორივე მათგანი ჰებრონში, დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელია. მთელი ღამის განმავლობაში ჰებრონში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, მათი რამდენიმე თანამზრახველი დააპატიმრეს ტერაქტის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობისთვის.
დაშავებულები ვოლფსონის სამედიცინო ცენტრში, ჰოლონში და იჩილოვის სამედიცინო ცენტრში, თელ-ავივში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილს ისრაელის პოლიციის კომისარი დანიელ ლევი ეწვია. მისი თქმით, პოლიციას თავდასხმის შესახებ წინასწარი სადაზვერვო ინფორმაცია არ ჰქონდა.
"ჩვენ გვესმოდა გაუჩერებელი სროლები ყველა მიმართულებით. გარეთ შიშით გავედით და დავინახეთ, რომ ქუჩაში დარბოდა რამდენიმე ადამიანი, როგორც ჩანს, ტერორისტები. რთული სანახავი იყო," - განუცხადა Ynet-ს ახლომდებარე ჯიხურის მფლობელმა.
"ქალი ყვირილით ჩამოვიდა რკინიგზიდან. ამის შემდეგ მაშინვე დავინახე დაშავებულები. ცუდი განცდაა ამ სცენის ყურება," - თქვა მუჰამედმა, ყვავილების გამყიდველმა, რომელიც შეესწრო თავდასხმას და აღნიშნა, რომ ეს "სევდიანი და რთული დღე" იყო.
ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ისრაელის ფინანსთა მინისტრმა ბეცალელ სმოტრიჩმა X-ზე დაწერა, რომ ტერორისტების ოჯახები ღაზაში უნდა გადაასახლონ და მათი სახლები უნდა განადგურდეს.